რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს? არ გრცხვენიათ?! ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში - ემზარ კვიციანი
რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს? არ გრცხვენიათ?! ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში - ემზარ კვიციანი

A+ A-

17:37 09/09/2019

 "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, პირველად აქტივისტები დაუპირისპირდნენ მას.

როგორც ემზარ კვიციანი ჰყვება, როდესაც ტაქსში ჩასაჯდომად მიდიოდა, აქციაზე გავლა მოუწია. აქტივისტებს რომ მიუახლოვდა - მიესალმა, ისინი კი სტვენით დახვდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა.

"რატომ აწვდით მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას?! მე მათთან არ გავსულვარ!ისინი დამხვდნენ ქუჩაში! ტაქსი გამოვიძახე, პარლამენტთან ამოსასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ პოლიციელებს მომიტინგეების გამო, ამიტომაც ვერ ამოვიდა და დამირეკა, რომ ქვევით ვდგავარო, მეც წავედი ჩემი გზით!

რომ მივდიოდი ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფი იდგა მარჯვენა შესასვლელთან. მე მათ არცერთს სახეზე არ ვიცნობ იმ მაქარაშვილის გარდა, ის მყავს ტელევიზიით ნანახი. მოკლედ, რომ მიუახლოვდი მივესალმე აქეთ პოლიციელებს და იქეთ აქციის წევრებს და გავაგრძელე გზა. მოულოდნელად შემომესივნენ და დაიწყეს სტვენა, შემომეხვივნენ და დაიწყეს შეურცხმყოფელი სიტყვების ყვირილი პირდაპირ ყურში - მოღალატე, რუსეთის მონა, პუტინის მონა და ერთერთმა გოგონამ ყ@@ო შემომაძახა. ამდენმა შეურაცხყოფამ, რა თქმა უნდა, გამომიყვანა მწყობრიდან, მანამდე მივდიოდი სიცილით, სტვენაზე არ მიმიცია რეაგირება.

მაშინ დაიწყეს ლანძღვა-გინება. მართალია მეც ვაგინე გამწარებულმა. მერე ვიღაც ახალგაზრდა დამხვდა წინ და პირდაპირ დამეჯახა წინიდან, მეც ვუჯიკე და წაიქცა, შემდეგ მე ისევ წავედი წინ, ესენი მომდევენ და მაგინებენ, მეც ვაგინე და მართალი გითხრათ, ბევრი რამ კადრებიდან ვნახე, თორემ არ მახსოვდა. მწყობრიდან გამომიყვანეს! აღმოჩნდა იგორ გიორგაძის შექმნილი "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერის შვილი და ის მეძახდა რუსეთის აგენტს!

ეტყობა სკოლებში და ინსტიტუტებში არ ასწავლიან სწორად ისტორიას და მაგიტომაც ეს ახალგაზრდები არ ადგანან სწორ გზას! მე რომ ნაკანტუზიებ ყურებში მისტვენ და მოღალატეს მეძახი, იქნებ თუ წიგნებს გიმალავენ იკითხო მაინც, რამდენი სისხლი დამიღვრია ომში რამდენი რუსული ვერტმფრენი და სხვა ტექნიკა ამიფეთქებია ბრძოლაში! რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს?

არ გრცხვენიათ? ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას, მე თუ მოღალატე ვარ, მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს განთავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში. ეს თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად!“, - წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა გუშინ,  აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან, მთავრობის დამტკიცების სხდომის პარალელურად სირცხვილის დერეფანს მართავდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  ასევე რამდენიმე მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

კვიციანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციასაც. თუმცა, ის არ დაუკავებიათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიყვანა. 

იურისტ გიორგი ჩიტიძის განმარტებით, ემზარ კვიციანის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული ხულიგნობაა, რის გამოც ის პოლიციას ადგილზევე უნდა დაეკავებინა, პროკურატურას კი პარლამენტისთვის მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით მიემართა.