ვუყურებდი, როგორ ხტებოდნენ ცათაბჯენიდან ადამიანები თითო-თითოდ, ორ-ორად და სამნიც ერთად... - 11 სექტემბრის ტერაქტის თვითმხილველი
ვუყურებდი, როგორ ხტებოდნენ ცათაბჯენიდან ადამიანები თითო-თითოდ, ორ-ორად და სამნიც ერთად... - 11 სექტემბრის ტერაქტის თვითმხილველი

A+ A-

18:32 10/09/2019

11 სექტემბრის ტერაქტიდან მეთვრამეტე წელს, ადამიანებში ისევ ცოცხალია იმ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებული მოგონებები და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერორისტულ შეტევას გადარჩენილებმა ამერიკული ტელეარხის, Fox News-ის ეთერში ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნარდ კერიკმა იმ დღეს განყოფილების 23 თანამშრომელი დაკარგა. "ეს მოგონებები სიკვდილამდე გაგვყვება. ვუყურებდი, ცათაბჯენიდან ადამიანები როგორ ხტებოდნენ - თითო-თითოდ, ორ-ორად და სამნი ერთადაც კი. 9/11-ის მოვლენებმა მასწავლა, რომ სიცოცხლე არ უნდა აღვიქვათ, როგორც უბრალო მოცემულობა“, - თქვა გადამდგარმა პოლიციელმა.

11 სექტემბერი გაიხსენა ტერაქტის უშუალო სიახლოვეს აღმოჩენილმა ბიზნესმენმა ედვარდ ფეინმაც, რომელიც მსოფლიომ გაიცნო როგორც "ადამიანი მტვერში“ ჟურნალ Fortune-ს ყდაზე გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით, რომელზეც თავით ფეხამდე მტვერში ამოგანგლული ფეინი ნანგრევებში მიაბიჯებს. მისი თქმით, სიცოცხლეს ის იმ ადამიანებს უმადლის, ვინც დასანგრევად განწირული შენობიდან გამოიყვანა. "არანაირი განსაკუთრებული გრძნობა ამ ფოტოს მიმართ არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ის გამუდმებით მახსენებს იმ დღეს“, - აღნიშნა ფეინმა.

ვიკიპედიაში საკუთარი გვერდი აქვთ სალთის და როზელის - ლაბრადორის ჯიშის ძაღლებს, რომლებმაც უსინათლო პატრონი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 78-ე სართულიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეგობართან სახლში მიიყვანეს. ტერაქტს საინვესტიციო ბანკის Cantor Fitzgerald Settles-ის თანამშრომელთა 75% ემსხვერპლა.

კომპანიას ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ჰქონდა. ბანკმა "ამერიკის ავიახაზებს" სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან თავის ავიალაინერებში ტერორისტების მოხვედრა დაუშვა. სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ ავიაკომპანიას 135 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მოქმედი მუსლიმთა გაერთიანების (The Ahmadiyya Muslim Community) წევრებმა ტერაქტის შედეგად დაშავებულებისთვის 5285 ლიტრი სისხლი გაიღეს, რამაც 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტერაქტს, აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ასე გამოეხმაურა: "მასობრივი მკვლელობის ამ აქტების მიზანი იყო ჩვენი ერის დაშინება, ქაოსსა და სასოწარკვეთაში ჩაგდება. მაგრამ მათ ხელი მოეცარათ. ჩვენი ქვეყანა ძლიერია”.

შეგახსენებთ, 18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან აშშ-ს ტერიტორიაზე ალ-კაიდას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ გახორციელებული ტერაქტიდან ხვალ, 11 სექტემბერს, 18 წელი სრულდება. ამ დღეს 19-მა ისლამელმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, რომელთაგან ორი თვითმფრინავი გამტაცებლებმა ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს) გამიზნულად დააჯახეს, რის შედეგადაც ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი დაიღუპა.

ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში დაინგრა და თან მიმდებარე შენობებიც მოიყოლა. მესამე თვითმფრინავი გამტაცებლებმა პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტ ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ტერაქტის დროს ნიუ-იორკში „ტვინსებზე“ შეჯახებისას 2606-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის მსხვერპლთა სახელები ამოტვიფრულია მემორიალური შადრევანის გარშემო, რომელიც 11 სექტემბერს ბოინგის შეჯახების დროს ჩამოშლილი ერთ-ერთი ცათამბჯენის ადგილზე ააშენეს. ეს არის სიმბოლო მარადიული ხსოვნის, მშვიდობის სურვილის, თავისუფლებაზე ოცნების და ტკივილის, რომელიც ამერიკელებს არასდროს გაუნელდებათ.