იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების უკიდურესად მძიმე სია წარმოადგინა - ბესელია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების უკიდურესად მძიმე სია წარმოადგინა - ბესელია

A+ A-

12:39 11/09/2019

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების უკიდურესად მძიმე სია წარმოადგინა პარლამენტში. როგორც დეპუტატი „2020NEWS”-თან აცხადებს, 20 კაციან სიაში არის ძალიან ბევრი ისეთი გვარი, რომელიც 10 კაციან სიაში იყო.

მისი თქმით, ამ 20 კაციანი სიიდან პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მაქსიმუმ 5 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს. ვის დაუჭერს მხარს ეკა ბესელია, გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

“საპარლამენტო უმრავლესობა რას იზამს არ ვიცი, გამოჩნდება, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, სია არის უკიდურესად მძიმე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. უმრავლესობა ამ სიაში, ეს არის სწორედ წარსულში იმ ძალადობრივი სისტემის და რეჟიმის უსამართლობის შემქმნელი მოსამართლეების გვარები. რამდენიმე გამონაკლისზე უმრავლესობა შეიძლება კონსესუსამდე მივიდეს და მოსამართლეობისთვის მაქსიმუმ 5 კანდიდატი შეირჩეს. მთლიანობაში ვნახავთ უკვე ჩვენ პროცესი რამდენად გახსნილი იქნება პარლამენტში. იუსტიციის საბჭოზე უფრო ნაკლები დრო თუ დაუთმო პარლამენტმა ამ კანდიდატების განხილვას, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, რადგან პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მხოლოდ ერთ კომიტეტში შეუძლიათ დეპუტატებს ადევნონ თვალი, ისინი სესიაზე ამ კანდიდატებს ვერ გაესაუბრებიან. მნიშვნელოვანია პროცესი როგორ წარიმართება”, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით დაინიშნა, რომელმაც მოსამართლეებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უნდა იმსჯელოს.

“სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე უნდა ყოფილიყო სამი დღით ადრე მომზადებული სხდომა და გუშინ დაიგეგმა, რაც რეგლამენტის დარღვევაა. კომიტეტის წევრები ამ პროცესისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ვნახავთ სამუშაო ჯგუფის ფორმირება როგორ მოხდება, ყოველშემთხვევაში კონსულტაციები ამ თემაზე არ ყოფილა. ეს ყველაზე რთული და კრიტიკული მომენტი იქნება პარკამენტისა და ქვეყნისთვის, ამიტომ მე მგონია სრული მობილიზება გვჭირდება ეხლა ყველას, ვისაც ესმის რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია, რომ არ მოხდეს ისეთი მოსამართლეების არჩევა,რომელიც უსამართლობის განცდას შექმნის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაინიშნა, რომელიც მოსამართლეების საკითხზე სამუშაო ჯგუფს შექმნის. სამუშაო ჯგუფმა უნდა მოახდინოს შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრა, შეესაბამება თუ არა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციას. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ უკვე საკომიტეტო განხილვები დაიწყება. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა.