მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დროს სერიოზულ დაპირისპირებას ველი - ვოლსკი
მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დროს სერიოზულ დაპირისპირებას ველი - ვოლსკი

A+ A-

13:09 11/09/2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დროს სერიოზულ დაპირისპირებას ელის.

მისი თქმით, კანდიდატების განხილვის დროს ცხელი პოლემიკა იქნება.

„ვერ გეტყვით, რომ არ ველი საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას, პოლიტიკურ ველზე პოლემიკას, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სტანდარტის კანონი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის საკმაოდ დახვეწილ პრინციპებს გვთავაზობს და ნერგავს. მეორე საკითხი რაც არის, რომ ჩვენი სასამართლოს შეფასება საკმაოდ დადებითია, საერთაშორისო რეიტინგებში ძალიან წინ არის და მესამე, რაც მთავარია, არის მოცემულობა, სასამართლო ის სასამართლოა, რაც გვაქვს. ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით 2012 წელს რასაც გვთავაზობდნენ, ქვეყანა ვერაფერ სარგებელს ვერ მიიღებდა, პირიქით დაზარალდებოდა. ეს არის სასამართლო, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ სასამართლოს უნდა გაამართლოს ის მოლოდინი, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამაზე პოლემიკა იქნება და მოსალოდნელია, საკმაოდ ცხელი პოლემიკა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა. პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.