მოსამართლეების სია ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს - გოგიჩაიშვილი
მოსამართლეების სია ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს - გოგიჩაიშვილი

A+ A-

16:00 11/09/2019

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს, ნუ გაატარებს პოლიციურ რეჟიმს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სიის განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს. ლევან გოგიჩაიშვილი ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს, დაესწრონ საკომიტეტო განხილვებს. რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატებს, დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, ეს არის ივანიშვილი-ადეიშვილის სია. გოგიჩაიშვილი აქვე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილ-ადეიშვილის მემკვიდრეობა გადაიბარა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი 20 კაციან სიას დაამტკიცებს, გოგიჩაიშვილი საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს.

„ამ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის დროს 200 ათასი ადამიანი მოხვედრილი იყო რეპრესიული მანქანის ქვეშ, ყველა ადამიანს ჰქონდა ამ მოსამართლეებთან შეხვედრა, მინიმუმ 500-ზე მეტი საქმე აქვს განხილული თითოეულ ამ მოსამართლეს. მაგალითად ალანიას, გაბინაშვილს და ა.შ. ეს სულ ჩინჩალაძის ხალხია, თან ეს ადამიანები თავიდან იყვნენ პროკურორები, მაგალითად ალანია, ჩინჩალაძე, იყვნენ პროკურორები, როცა თავი გამოიჩინეს ნაძირლობაში, შემდგომ დაწინაურდნენ უკვე მოსამართლეებად, ანუ, აბსოლუტურად სტერილური ხალხია, ყველანაირი ფასეულობებისგან დაცლილი. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. არანაირი ადამიანური ნიშანწყალი მათ არ გააჩნიათ. ივანიშვილი-ადეიშვილის სია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია შემოსული, ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო პირველი ოქტომბრის მონაპოვარის და იმ ადამიანების ბრძოლის, რომელსაც სააკაშვილის დავალებით ეს მოსამართლეები უსწორდებოდნენ, არამედ არის შეურაცხყოფა და უგულებელყოფა ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის. ჩვენი კანონმდებლობით დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ეს ადამიანები თავის დროზე იყვნენ იმ სისტემური დანაშაულის ნაწილნი, რომელსაც აშენებდა სააკაშვილი და ადეიშვილი მართლმსაჯულების სისტემაში. დღეს სამწუხაროდ ივანიშვილმა გადმოიბარა სააკაშვილი-ადეიშვილის მემკვიდრეობა და შემოგვთავაზა ეს ძალიან ცუდი ადამიანები, დამნაშავე ადამიანები, მერე რა რომ მოსამართლეები იყვნენ, არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ და უფრო მეტად სასტიკები იყვნენ იმ კრიმინალებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ და მათი ადგილი ციხეშია. ამ შემთხვევაში რასაც ივანიშვილი აკეთებს ამ მემკვიდრეობის გადმობარებით, ეს არის ყველანაირი პრინციპის უგულებელყოფა, ეს გაცილებით უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება მისი პოლიტიკური მომავლისთვის, ვიდრე, როგორც მათი პრემიერი ამბობს ინტელექტუალური ცეკვები მათ მთავარ მაშველ რგოლთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ძალიან მძიმე შედეგები იქნება მათთვის, შეიძლება დღევანდელ მოცემულობაში გამოჩნდეს 76 ადამიანი, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მე არ მაქვს მოლოდინი , რომ ისინი ვერ შეძლებენ ხმების მობილიზებას, მაგრამ ეს იქნება იმ ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში იმედი, იმის, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად განვითარებულიყო. ეს სია წერტილს უსვამს ყველაფერს და ივანიშვილის რეჟიმს გააფორმებს, რომელიც იქნება ადეიშივლი -სააკაშვილის სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის ამბები მომხდარიყო ამ ქვეყანაში ამ ცუდი მოსამართლეების მხარდაჭერის გარეშე. ივანიშვილი-ადეიშვილის სია შეიძლება მათ წარმოსახვაში იყოს გასვლადი, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა. პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.