თბილისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

A+ A-

18:42 11/09/2019

თბილისს, 12-13 სექტემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან. საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. მედლინ მუნი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.