არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები - ინაშვილი
არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები - ინაშვილი

A+ A-

18:48 11/09/2019

 არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები, – ასე მიმართა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა განაცხადა, მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის დაპირისპირებაზე სამარცხვინო კომენტარები გააკეთეს.

“პირდაპირ მინდა გამოვეხმაურო კოლეგებს უმრავლესობიდან, მამუკა მდინარაძისგან და გია ვოლსკისგან მოვისმინე სრულიად სამარცხვინო კომენტარები. მათ იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ამ ვითარებაში ჩემი სახით დაიცვან მათი კოლეგა. თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, არც ერთი ქვეყნის დიპლომატს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ხელით შეეხოს.

„ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამ ქვეყანაში. ე.ი. ამერიკელი დიპლომატისთვის შეიძლება, რომ ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ ეკადრება და არ აქვს უფლება არც რუსს, არც ამერიკელს და არც არავის დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამის ხაზგასმა, ჩვენება არავის გსურდათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული მედიის რაღაც ნაწილში ბოკერია-სააკაშვილების მხარდამჭერებს ვხედავ. ეტყობა, მოენატრა ზოგიერთ ჟურნალისტს დახურული ტელევიზიები და ტერორი მედიაზე და აღარ ახსოვს ის, რაც ხდებოდა სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის დროს. ჩვენ არ გვენატრება ის დრო, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბოკერია-კრამერები-სააკაშვილები იყვნენ საქართველოს დირექტორები. “, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი სასტუმრო „რუმსში“ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ასევე აღნიშნა, რომ როცა კონფერენციაზე მიწვეული არ ხარ, არ უნდა მიხვიდე, რადგან ეს აგრესიას ქმნის და დამაზიანებელია.