ეს არის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად - ბესელია
ეს არის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად - ბესელია

A+ A-

20:14 11/09/2019

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებამ აჩვენა, რამდენად მძიმე სურათია დღეს სასამართლოში.

"ისტორიაში თუ რამე ჩაიწერება, ეს იქნება ძალიან მძიმე სურათი, რა გვჭირს დღეს სასამართლოში. რა დონის კითხვებს სვამდნენ და რა დონის პასუხებს ვიღებდით, მათ შორის, იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც უვადოდ არიან დანიშნული, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელთა გვარებიც არ მოხვდა ამ 20-კაციან სიაში. ისტორიული გახდება გადაწყვეტილება და კენჭისყრა, რომელიც შედგება ამ პარლამენტში, თორემ ამ 20 კაციან სიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კარგად ეტყობა, რა სახელიც ჰქვია: ეს არის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად. სამწუხაროა, რომ ამ 20 კაციან სიაში არც ერთი ადვოკატი არ მოხვდა, სამწუხაროა რომ 10 კაციანი შავ-ბნელი სიიდან 5 გვარი ისევ მეორდება და სამწუხაროა, რომ კიდევ დაემატა გვარები, რომლებიც იმ ძალადობრივ სისტემას ამაგრებდა წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.