გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ - გურამ ჩალაგიშვილი
გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ - გურამ ჩალაგიშვილი

A+ A-

14:04 12/09/2019

ირაკლი ოქრუაშილის მეგობრები, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობენ. ამის შესახებ, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, უკვე ორი თვეა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალების შეთითხნილი ბრალდებით, რომელზეც არანაირი მტკიცებულებები, გარდა პოლიციელების მიერ გახარიას დავალებით მიცემული ჩვენებისა, არ არსებობს. ბოლო თვეებია, ივანიშვილის ბრძანებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია პროკურორთა ჯგუფი, რომელმაც ოქრუაშვილისადმი წაყენებული უსუსური ბრალდების გასამყარებლად, 12 წლის წინანდელი საქმეები ქექა, რათა ახალი ბრალდებები წაეყენებინათ მის წინააღმდეგ. მათ შორის რობაქიძის საქმეზე „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ. სასურველი შედეგის ვერმიღების შედეგად, პროკურატურა „გავრილოვის ღამეს“ დაპატიმრებული ბიჭების დაშანტაჟებაზე გადავიდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ, თავისუფლების სანაცვლოდ მისცენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება. ეს მიუთითებს უშუალოდ ივანიშვილის პირად დაინტერესებაზე, ასევე, საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე და იმაზე, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში. ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ეს თანხა. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ არ აპირებს მის გათავისუფლებას. ივანიშვილმა დაინახა, რომ ოქრუაშვილი არის ნომერ პორველი მტერი, რომელსაც შეუძლია, ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე”,- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, 25 ივლისს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.