საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად სტრატეგიულ მზადყოფნაშია - თალაკვაძე
საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად სტრატეგიულ მზადყოფნაშია - თალაკვაძე

A+ A-

15:58 12/09/2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში.

„ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მედლინ მუნისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მშვიდობიანი, დემოკრატიული გაძლიერების გზით, ქვეყანაში დადგება მომენტი, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

„საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატო-ს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებს და უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული გაძლიერების გზით, ჩვენი საჯარო სამსახურის განვითარების გზით, ჩვენს მოქალაქეებთან დემოკრატიული ფორმით საუბრის გზით ჩვენ შევქმნით მომავალში აუცილებლად მომენტს, როდესაც საქართველოში ტერიტორული მთლიანობა აღდგება, მოხდება დეოკუპაცია და ეს დიდი გამოწვევა, დიდი პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, გადაიჭრება. შესაძლოა, ეს არის რთული გზა, რომელსაც სჭირდება დიდი მოთმინება, ბევრი შრომა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.