“რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათასი ლარის გირაო შეეფარდა
“რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

A+ A-

17:37 12/09/2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დროებით ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა პროკურატურის არგუმენტი გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხე.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის მუხლს. ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის თქმით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში კიდევ ერთ დაკავებულს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ, ასევე 50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.