საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

 მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
 მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

A+ A-

17:40 12/09/2019

ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძეც დაიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ სარალიძეს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.

სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით კითხვები ეხებოდა საპროტესტო აქციებსა და სარალიძის „ფეისბუქ“ სტატუსებს. მიხეილ კალანდიას ადვოკატი კი მიიჩნევს, კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.

„ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს, რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება. დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი, იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერ მინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე. მე ვგულისხმობ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რომელთა გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე გამოიყენეს მათი მდგომარეობა და უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა ზვიად კუპრავას, ეს ცალსახად ითქვა, ბატონმა ზაზამ საჯაროდ განაცხადა თავის დროზე. დღეს მე ეს კითხვა შევეკითხე მაგრამ ვერ გაიხსენა. მმართველი გუნდიც არის ამაში გარეული, რომ ოღონდ არ იყოს ბუნტი და მიხეილ კალანდია იჯდეს ციხეშიო. „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ. ბატონი ზაზას პასუხები ჩემს კითხვებზე იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. შესაძლოა, მიხეილ კალანდია იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ჯერ დაზუსტებულად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 

მსგავსი თემები