პარლამენტში საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

A+ A-

18:28 12/09/2019

პარლამენტში საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გარემოს დაცვისა კომიტეტზე 656 მოქალაქის მიერ ინიცირებული პეტიცია განიხილეს, რომელიც საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

კომიტეტმა კენჭისყრით პეტიციაზე უარი თქვა, თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიერ დამუშავებული წინადადება კი კომიტეტზე იქნება განსახილველად წარმოდგენილი.

ცნობისთვის, პეტიციაში აღნიშნულია, რომ ცირკი არის სივრცე, სადაც ცხოველები იმყოფებიან ტყვეობაში და მათ მუდმივ რეჟიმში, შიშისა და ტერორის ხარჯზე აიძულებენ იმ მოქმედების შესრულებას, რაც მათ ბიჰევიორისტულ თავისებურებებში არ ჯდება. ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად ძირითადად გამოიყენება დასჯის ტექნიკა. კერძოდ, მომთვინიერებლები გაწვრთნის პროცესში მიმართავენ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს, როგორებიცაა: დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. შესაბამისად, ცხოველები იღებენ სერიოზულ დაზიანებებს.

"ცირკში არსებული პირობები ნეგატიურად აისახება ცხოველების ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ხოლო არასათანადო მოპყრობა დაუცველობის განცდას იწვევს მათში, რაც შემდგომ სტრესის, აგრესიის ან თვითდესტრუქციული ქცევის განმაპირობებელი ხდება. ყოველი აღნიშნული რიგ შემთხვევებში მსხვერპლით სრულდება. სამწუხაროდ, პრაქტიკაში მრავლად არსებობს მსგავსი მაგალითები. საქართველოშიც დაფიქსირდა შემთხვევა, 2014 წელს, როდესაც ლომი მომთვინიერებელს დაესხა თავს“, - აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობა სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე.

„ცივილიზებული საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ცხოველები არ უნდა იტანჯებოდნენ გასართობი მიზნებისთვის“, - აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი კანონმდებლებს „სისხლის სამართლის კოდექსს“ შეახსენებს, რომლის მიხედვითაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დასჯადი ქმედებაა. „მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით ცირკში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს, მეტიც, უფრო და უფრო პოპულარული ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს. ჩვენ, საქართველოს ცივილიზებულ მოქალაქეებს გვსურს საქართველოშიც დაინერგოს პროგრესული და ეთიკური მიდგომები. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას! გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენს ინტერესში არ შედის ცირკის ფუნქციონირების შეწყვეტა, არამედ ჩვენი მიზანია მისი უკეთესობისკენ გარდაქმნა. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ინვესტიცია უნდა ჩაიდოს იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე და ჰუმანური ცირკის შექმნა, რომელშიც დასაქმდებიან ნიჭიერი აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები თუ მოცეკვავეები. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევა, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება“, - ნათქვამია პეტიციაში.