ვინ არის მოსამართლე, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესდავებს “იმერული ხაჭაპურივით აცხობდა“?!
ვინ არის მოსამართლე, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესდავებს “იმერული ხაჭაპურივით აცხობდა“?!

A+ A-

15:44 13/09/2019

ვინ არის მოსამართლე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს საქმეებს სასამართლოში იბარებდა და მისსავე სასარგებლოდ წყვეტდა?! - “2020NEWS” -ის ინფორმაციით, მოსამართლე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე კორუფციაში ადანაშაულებს, გიორგი სულაკაძეა. მას სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა 2017 წელს ამოეწურა.

აღნიშნული ინფორმაცია“2020NEW“-ს მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ გიორგი სულაკაძე მოსამართლე აღარ არის, მასზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება ვერ გავრცელდება, თუმცა საქმეში გამოძიების დაწყების ნიშნები იკვეთება.  

“გიორგი სულაკაძე აღარ არის მოსამართლე, ამიტომ ყოფილ მოსამართლეზე, ბუნებრივია, დისციპლინური სამართალწარმოება ვერ დაიწყება.  რაც შეეხება გამოძიებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გამოძიება დაიწყოს.

იქამდე, სანამ საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა შეიქმნებოდა, თავმჯდომარეები ურიგებდნენ საქმეებს მოსამართლეებს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ჭორაობს და ურცხვად ტყუის.

“2020NEWS“  მოსამართლე ლევან სულაკაძესთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებასა და მისი პოზიციის გაგებას ცდილობს.

მოსამართლე გიორგი სულაკაძემ 1991 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა.1993-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწედ.1999-2001 წლებში მუშაობდა ამერიკული ორგანიზაცია "ინტერნიუს ნეტვორკის" იურისტად.2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე.

2002-2004 წლებში მუშაობდა ფონდ "ინტერნიუსში" პროექტის -"სამართლებრივი აუდიტი" კოორდინატორად.2004-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმა "პარტნიორი"-ს ადვოკატად.2006 წელს მუშაობდა საადვოკატო ფირმა "გეწაძე, პატეიშვილის" ადვოკატად. 2006 წლის ოქტომბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ცნობისთვის, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხახაზაძის განცხადებით, ბიზმესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესდავებს ერთ კონკრეტულ მოსამართლესთან აწყობდა.

“ვანო ჩხარტიშვილის საქმეები ერთ მოსამართლესთან მიდიოდა და წყდებოდა ისე, როგორც ჩხარტიშვილს აწყობდა. ანუ ეს საქმეები ისე ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური, ჩვეულებრივი რუსული სქემა იყო, ფულის ამოღების“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე