“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება

A+ A-

15:12 15/09/2019

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება. პროექტს, 16 სექტემბრის სხდომაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან, შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.

შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე). სამედიცინო გაფრთხილების ორ ნიმუშს მთავრობა დაამტკიცებს.

თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.