საქართველოში უნივერსიტეტების განვითარება კახა ბენდუქიძეს უკავშირდება - ბოკერია
საქართველოში უნივერსიტეტების განვითარება კახა ბენდუქიძეს უკავშირდება - ბოკერია

A+ A-

16:54 18/09/2019

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოში უნივერსიტეტების განვითარება კახა ბენდუქიძეს უკავშირდება, რის გამოც ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. გიგა ბოკერია აქვე დასძენს: „იმედია, ახლა უმრავლესობის წევრები ამას სინანულით იხსენიებენ“.

გიგა ბოკერიამ პლენარულ სხდომაზე ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის ინვესტიცია გააკეთა.

„დღეს ვესწრებოდით ისტორიულ პრეზენტაციას - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის საქართველოს ინვესტიცია მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში, განათლების მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი იქნება, არის უდიდესი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით, ეროვნული მნიშვნელობის ინვესტიცია გააკეთა და ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი. მინდა ამისთვის გადავუხადო მადლობა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, ქუთაისს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამის საპასუხოდ კი, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ასეთი წამოწყება მისასალმებელია, თუმცა თავის დროზე ზოგადად ეს საქმე კახა ბენდუქიძემ წამოიწყო. ბოკერიამ აქვე ბიძინა ივანიშვილს უსურვა, 1 წლის შემდეგ მთელი დრო უნივერსიტეტების თემას დაუთმოს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ბევრად უკეთესად გამოუვა, ვიდრე ქვეყნის მართვა.

„კახა ბენდუქიძის შექმნილი უნივერსიტეტი ყველა გამოკითხვით არის ერთ - ერთი საუკეთესო საქართველოში. ვწუხვარ, რომ ამის გამო, ბენდუქიძე პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო და იმედი მაქვს, რომ ახლა უმრავლესობის წევრები ამას სინანულით იხსენებენ. რაც ეხება ამ უნივერსიტეტს, მართლა გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ბატონ ივანიშვილს ამ საქმეში, ისევე როგორც გუშინ, ყაველაშვილი გამომეხმაურა, რაგბის და ფეხბურთის დაფინანსებაში. ვუსურვებ ივანიშვილს, რომ 1 წლის შემდეგ, მთელი დრო დაუთმოს ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ეს ბევრად უკეთ გამოუვა, ვიდრე ქვეყნის მართვა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.