მე დავბრუნდი ჩემს სახლში, ეს ფანტასტიური შეგრძნებაა, დავიბრუნე ჩემი ბიოლოგიური დრო - ნანა აკობიძე
მე დავბრუნდი ჩემს სახლში, ეს ფანტასტიური შეგრძნებაა, დავიბრუნე ჩემი ბიოლოგიური დრო - ნანა აკობიძე

A+ A-

18:28 18/09/2019

ნანა აკობიძე პროფესიით ჟურნალისტია, ასევე პოეტი და მწერალი. განსხვავებული პროფესიის მიუხედავად, არაჩვეულებრივად ერკვევა რემონტის საკითხში და ეს დაამტკიცა კიდეც. სულ ახლახან დაასრულა სახლის რემონტი, რომელიც 90-იან წლებში შეიძინა. ეს სახლი 1850 წელსაა აშენებული და საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. როგორც ქალბატონი ნანა აღნიშნავს, მის კედლებში არაერთი სიყვარულის ამბავი და ბედნიერი ისტორია იმალება.

- სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ, ამის მიუხედავად ისე დააპროექტეთ და გაარემონტეთ საკუთარი სახლი, რომ არაერთი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვიეთ. რემონტის, დიზაინის კუთხით რა გამოცდილება გაქვთ?

- მთელი ცხოვრება რაღაცას ვარემონტებ. შეკეთება,  გადაკეთება, გადმოკეთება, ნივთებისა და ავეჯისთვის ადგილის და ფუნქციის შეცვლა მოთხოვნილებად მექცა. ხუთი და ვართ, ხუთივეს ეს სენი გვჭირს - დედაჩვენივით. ბავშვობაში ჭიანჭველებივით მივესეოდით ხუთივენი და უშველებელ ავეჯს გადავდგამდით-გადმოვდგამდით ხოლმე. მამაჩვენი ამბობდა, აიდგა ფეხი ავეჯმა, ნეტა ამ სახლსაც არ გადადგამდეთო. სხვებთან სტუმრობისას, იგივე საზოგადოებრივ ადგილებზე ინტერიერის თვალიერებისას მომენტალურად ვიწყებ იმაზე ფიქრს, რას როგორ გადავაკეთებდი, დავამატებდი, შევცვლიდი, გადავდგამდი. მოკლედ, „ძალადმაცხონე“ არქიტექტორ-დიზაინერი ვარ, თეორიული ცოდნის გარეშე (ისე,უკვე ინტენსიურად ვიჭყიტები თეორიებშიც).

პრაქტიკა ჩემს სახლებზე მაქვს გავლილი და ირგვლივ ახლობლებსაც გადავწვდი, უფრო სწორად, გადმომწვდნენ. როცა სადმე „გაიჭედებიან“, მეძახიან ხოლმე რჩევებისთვის. ამ ბოლო დროს, კაკო ყაჩაღის არ იყოს, გამივარდა ხმა, როგორც ეფექტურ დიზაინერ-მშენებელ-ზედამხედველს და სერიოზულად მთხოვენ, მთლიანად ჩავიბარო მათი რემონტები. არის რამდენიმე ადამიანი, ვის გამოც ჩემს საქმეს გადავდებ და თავიდან ბოლომდე გავურემონტებ და მოვუწყობ ინტერიერს, სხვებს კი ვეუბნები, რომ პენსიაში როცა გავალ, მერე მომაკითხონ ამ საკითხზე. გარდა იმისა, რომ სამსახური 24-საათიან სამუშაო რეჟიმში მამყოფებს, ოთხი შვილი მყავს - ორი სტუდენტი საფრანგეთში, ორი - ჯერჯერობით სკოლის მოსწავლე და მათ იმდენად ხშირად ვჭირდები, სხვისი საქმე კი არა, საკუთარი მრჩება ხანდახან გაუკეთებელი.

- მოგვიყევით სახლზე, რომლის რემონტიც სულ ახლახან დაასრულეთ...

- სახლი სოლოლაკში მდებარეობს და 1850 წელსაა აშენებული. „მაჩაბლის სახლი - მდებარე მესამე სამედიცინო უბანში, ჩრდილოეთით ესაზღვრება ბოლო აღმართი, სამხრეთით - საერთო ეზო და კლდე“ - ასე წერია იმ დროს გაცემულ დოკუმენტში. ლეგენდის თანახმად, აკაკი წერეთელი რომ მაჩაბლის ქალს ყვარობდა, ტასოს, ამ მაჩაბლების შტო ყოფილა და სასიყვარულო შეხვედრები ამ სახლში ჰქონიათ. სიმბოლურია, რომ ბოლო მეპატრონეც წერეთელი იყო - სახლი ბებიამ უანდერძა. მე 90-იანებში, სტუდენტობისას ვიყიდე. თუ გახსოვთ, ინტერვიუს დასაწყისში გითხარით - სიამოვნებით მოგცემთ ამ თემაზე ინტერვიუს, იმიტომ, რომ შეიძლება, ვინმესთვის მამოტივირებელი აღმოჩნდეს-მეთქი და გეტყვით, რას ვგულისხმობდი. სტუდენტობის ბოლო კურსზე ვთქვი, რომ მე უნდა მქონდეს ჩემი სახლი. ყველას გაეცინა - პურის ფული გვიჭირდა იმ დროს. უნივერსიტეტში პრაქტიკულად არ დავდიოდი - რამდენიმე გაზეთში ერთდროულად ვმუშაობდი, დამატებით საქმეებს ვიღებდი, მდივნადაც ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში. ხანდახან მეც კი მეჩვენება დაუჯერებლად, რომ იმ გაჭირვებულ დროს, ერთ წელში უკვე დავაგროვე იმდენი, რომ გავედი მშრალ ხიდზე, ვნახე მაკლერი და ვიყიდე ეს სახლი. იმ ჩემს შეგროვებულ თანხაში ლომის წილი იყო ჩემი ორი უფროსი მეგობრის ნაჩუქარი. სამწუხაროდ, დღეს არც ერთი აღარაა ცოცხალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა მიზანი ჩნდება, ჩნდება საშუალებაც, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენთან დღემდე 40 წლის ადამიანი მშობლების სახლში ცხოვრობს და ეს ნორმაა.

ამ დროს ეს არაა ნორმა, ჩიტსაც კი თავისი საკუთარი ბუდე აქვს! 20-22 წლის ახალგაზრდას უკვე უნდა ჰქონდეს თუ საკუთარი ჭერის არა, ცალკე ცხოვრების მოთხოვნილება და თუ მოინდომებს, ყველას აქვს შანსი, მით უმეტეს, დღეს, როცა გახსნილი სამყარო ამდენ შესაძლებლობას გვთავაზობს. მოკლედ, თემას რომ არ გადავუხვიოთ, გადავედი ამ ქოხში, რომელსაც ჩემი მეგობრები „ჯარისკაცის ქვრივის ქოხს“ ეძახდნენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ჯადოსნურ, ზღაპრულ სახლად რჩება დღემდე. ამ ქოხში იკრიბებოდა ჩემი სამეგობრო, აქ ვიყავი შეყვარებული, ამ სახლიდან წავედი ჩემს პირველ შვილზე სამშობიაროდ... დაოჯახების მერე საცხოვრებლად სხვაგან გადავედი, სახლმა კი, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებთან ერთად, „სათნოების სახლის“ სტატუსიც შეიძინა და სხვადასხვა დროს შეიფარა დროებითი ჭერის მაძიებელი ნათესავები და ახლობლები. პრაქტიკულად, მე მივატოვე ჩემი სახლი. ასე გამოვიდა და ძალიან მაწუხებდა ეს ამბავი. ზოგჯერ, რომ ავდიოდი დასახედად, მეგონა, რომ საყვედურით მახსენებდა, რამდენი სასიამოვნო ემოცია მაკავშირებდა მასთან. ორი წლის წინ, როცა ბოლო ახლობლის ოჯახიც გავისტუმრეთ ამ სახლიდან, მეუღლეს ვუთხარი, რომ უმადურობა იყო ჩემი მხრიდან ამ სახლის ასე მიგდება. ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტი. როცა გვეცალა და რა საშუალებაც ჩნდებოდა, იმის მიხედვით.

- როგორც აღნიშნეთი, საკმაოდ ძველი სახლია. ალბათ მაისი „გათანამედროვება“ ადვილი არ იყო. თავდაპირველად რა გაითვალისწინეთ, რა არის უპირატესი, რემონტის დაწყების წინ?

- ამ ტიპის კერძო სახლებში თავიდან მიწაში იყრება ფული. სადრენაჟე სისტემა, ეზოს სამუშაოები, ძველი კედლების კაპიტალური გამაგრება, ნაგვის გატანა... ფაქტობრივად, ესაა სახლის შავ კარკასამდე კი არა, იმის მიღმა მიყვანა და მერე - რემონტის დაწყება. მეორე სახლში, კორპუსის ბინაში 260 კვ.მ ტრიპლექსის რემონტი მაქვს გაკეთებული, თანმდევი სამშენებლო სამუშაოებით. ის იავნანა იყო ამასთან შედარებით. ვამბობ, რომ კერძო სახლის რემონტი, თან ძველი სახლის, რომელიც ორივე მხრიდან სამეზობლოში მჭიდროდ არის მოქცეული, იმდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ უდრის კორპუსის ხუთი ბინის რემონტს. იმასაც უნდა შეეგუო, რომ სამეზობლოშიც შენ მოგიხდება რაღაცების კეთება. რამდენიმე სახლის გამოტოვებით მცხოვრები მეზობელი მეხუმრება, როგორ არ გამიმართლა, რომ შენს გვერდით არ ვცხოვრობო. არც ხარჯთაღრიცხვა გამიკეთებია, არც ნახაზები და ნახატები, ასე პირდაპირ დავიწყე თავში მოსული იდეების განხორციელება.

- რამდენად მნიშვნელოვანია რემონტის დროს სწორად შერჩეული გუნდი? თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, გაგიმართლათ?

- გუნდის უფროსად დავასახელებდი მეზობელ 89 წლის ნოდარ ბიძიას. ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიულ კაცს, რომელიც არასოდეს არაფერს არ ყრის და ავტოფარეხში აქვს ჯადოსნური საწყობი სამუშაო იარაღების და მასალის, უცნაური იშვიათი ნივთების, დეტალების. ჩემნაირი მეძველმანისთვის ერთი სიამოვნება იყო ამ ძველმანებში ქექვა, ამასთან, დრო და სახსრებიც საკმაოდ დამაზოგვინა. სხვათა შორის, სამეზობლო ჭიშკარი გვაქვს და ღობეს რომ ვაკეთებდი, დროებით ეს ჭიშკარიც ავყარე. დედაჩემმა ნახა და დედაშვილობას, სამეზობლო ჭიშკარი არასოდეს გააუქმოო ისეთი ხმით მთხოვა, ეს რჩევა-გაფრთხილება სამუდამოდ დამამახსოვრდება და სხვებსაც ვურჩევ, არასოდეს გააუქმონ სამეზობლო ჭიშკარი. მე არ მყოლია ხელოსნების გუნდი, როგორც ასეთი, კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულ ხელოსანს ვპოულობდი. ზოგი მათგანი ხელოსანიც არ იყო. მეტნაკლებად ხელმარჯვე იყო და ვკარნახობდი რა უნდა გაეკეთებინა. ეს „გაკვეთილები“, როგორც მოსალოდნელი იყო, ძვირი დამიჯდა. ბევრი რამ ორჯერ და სამჯერ თავიდან გახდა გასაკეთებელი. მაქვს ჩემი „ფლეილისტი“ იმ ხელოსნების, ვისაც რეკომენდაციას არ გავუწევ (საერთოდ, არ მიყვარს რეკომენდაციის გაწევა - სარისკო საქმეა), მაგრამ ჩემთან ისევ დავასაქმებ, რომ დამჭირდეს. მეორე „ფლეილისტში“ კი ისინი შევიყვანე, ვისი ნომრებიც სამუდამოდ წავშალე ტელეფონიდან და მეხსიერებიდან.

სამწუხაროდ, ჩვენში ბევრი სამუშაოს მაძიებელი სამუშაოს კი არ ეძებს, მიზეზს ეძებს, თუ რატომ არ უნდა იმუშაოს. შემდუღებელი წამოვიყვანე ელიავადან, ჩრდილში დომინოს თამაშობდნენ. დამხმარე გამოიყოლა. მილკვადრატისგან მოაჯირი მქონდა ასაწყობი. სამი დღე დასჭირდებაო და დღეში ასი ლარიო. დამხმარემ, მე დღეში 70-იო. დამხმარე რად გინდათ-მეთქი და ამხელა „ბარგალკას“ მარტო ხომ ვერ დავიჭერო. მოკლედ, ვერ შევთანხმდი ამ დამხმარესთან, დაკრა ფეხი და წავიდა. 70 ლარზე ნაკლებად დღეში მე არ ვმუშაობო. ამ მეორემ, შემდუღებელმა, ცოტა ხანს ითრია ფეხი, ჩამოჯდა, ანეკდოტები გვიამბო, პოლიტიკაზე ეკამათა ადგილზე დამხვდურ ხელოსანს და კაი, ახლა მეც წავედიო. სად მიგიყვანოთ-მეთქი და ისევ იქ, ერთ ხელს ვითამაშებ და წავალ მერე სახლშიო. მივიყვანე ისევ უკან. ის დამხმარე უკვე იქ იჯდა და დომინოს აგრძელებდა. ეს ადამიანები ნამდვილად არ ეძებდნენ სამუშაოს. უბრალოდ, დროს კლავდნენ ხის ჩრდილში და მგონია, რომ ნახევარი საქართველო ასე ჩრდილში ზის და მიზეზებს იგონებს, როგორ არ იმუშაოს.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რა პრობლემებს წააწყდით?

- სირთულე იყო ხელოსნების შერჩევა და ჩემი უდროობა. გურულებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „სადაც მე არ მივედი, ჩემი ბაღანა არ გაჩნდაო“. აპრილში ამერიკაში წავედი ორი კვირით. რომ დავბრუნდი, ჩემს არყოფნაში დაშვებული ისეთი შეცდომები აღმოვაჩინე, რასაც ჩემს გარდა არავინ იმჩნევდა. მივხვდი, რომ ასე ჩემი „ბაღანა“ ვერ „გაჩნდებოდა“ და გადავცხოვრდი სოლოლაკში. პრაქტიკულად მუშებთან ერთად მეძინა. ერთადერთი, შედუღება არ მისწავლია, თორემ სხვა ყველაფერი გავაკეთე. ჩემი და, ნონა შემომიერთდა, რომელიც მშენებლობა-რემონტის ყველა ასპექტში ჩემზე მაგარია და სახლი, რომელიც შორიდან დასრულებული ჩანდა, მისხალ-მისხალ „დავაინსპექტირეთ“. შედეგად ახალ წრეზე წავედით... კი ვწუწუნებ, რომ დავიქანცე, დავიღალე, მთელი ზაფხული აქ ჩავკვდი, მაგრამ ეს იყო უბედნიერესი პერიოდი - ჩემი გაბუტული სახლი შემოვირიგე წლების მერე.

- რაც შეეხება უშუალოდ დიზაინს, ვისი დიზაინით გააკეთეთ ბინა და რა სტილში გადაწყვიტეთ?

- წლებია, ჩვენი ოჯახის მეგობარია არქიტექტორ-დიზაინერი გივი ქობულია, რომელსაც მაშინ მივმართავ, როცა ვატყობ, რომ რაღაცას ვაფუჭებ ან რაღაცაში არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. ზოგჯერ მის რჩევებსაც გავუჯიუტდები ხოლმე. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ეს სახლი მაშინ ვაჩვენე, როცა გასაკეთებელი უკვე გაკეთებული იყო და გასაფუჭებელიც გაფუჭებული. მაინც იყოჩაღა და მაგალითად ელექტროობის ნაწილი გამომტაცა ხელიდან (მერე ელექტრიკოსთან „ჩავაწყვე“ და რაღაცები მაინც მივცვალ-მოვცვალე ჩემს ჭკუაზე).

განსაკუთრებით მაშინ ვიშველიებ გივის, როცა ჩემი და ჩემი მეუღლის აზრები გაიყოფა ხოლმე. ამ დროს ათიდან ცხრა-ნახევარ შემთხვევაში გივი ჩემს პოზიციას იჭერს და არგუმენტი: „გივიმ ასე თქვა“ ქვას ხეთქავს. მინდოდა, ამ სახლს შეენარჩუნებინა ის შლეიფი, რაც ისტორიულად აქვს: ცოტა იდუმალება, ცოტა რომანტიკა, ცოტა ასაკი. მიწის და კლდის მიქსი და სიმწვანე თავისთავად აქვს. როგორც „პრიალა“ ჟურნალების გამომცემელმა, ცოტა სიპრიალეც დავამატე და ეგ არის. ინტერიერში მიყვარს ბევრი სარკის გამოყენება. დაფიცებული მქონდა, აწი სარკეებს აღარ გავაკეთებ-მეთქი (საკმაოდ ძნელი მოსავლელია), მაგრამ რა ვქნა, უსარკო ინტერიერი ჩემთვის უინტერესოა. შესაბამისად ამ სახლში ბევრი სარკეა გამოყენებული. შეიძლება ფოტოებზე არ აღიქმება და სწორედ ის მომწონს, თვალში რომ არ გეჩხირება, მაგრამ სივრცეს შესაბამის ეფექტს აძლევს.

- რა ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში სწორად შერჩეული ფერები?

- მომწონს ერთი შეხედვით შეუხამებელი ფერების შეხამება. რისკია, მაგრამ ვრისკავ. „ეს საკაბედ, ნანა“ - მეუბნება ხოლმე ჩემი მეგობარი დიზაინერი, როცა, მაგალითად, კაფელს ვარჩევთ და რაღაც კვასკვასას და უცნაურს დავადებ ხელს. ბანალურ ჭეშმარიტებას ვამბობ, მაგრამ ინტერიერი თვითონ გკარნახობს ფერებს, უბრალოდ, ამ ნაკარნახევის „გადმოწერა“ უნდა შეგეძლოს. ბავშვებსაც ვუსმენ, სხვათაშორის პატარა ბიჭი რვა წლისაა და შეუცდომელი თვალი აქვს, „ეს არ უხდება, დედა“ - რაღაცაზე თუ თქვა, არ არსებობს, არ დაეთანხმო.

- ავეჯი რის მიხედვით, როგორი ფერის და სტილის შეარჩიეთ?

- მე მიყვარს ერთისგან ორის შექმნა. ამ სახლისთვის ავეჯი და ნივთები პრაქტიკულად არ მიყიდია, მეორე სახლიდან გადმოვანაწილე. რკინის საწოლები ვიყიდე მხოლოდ და მილკვადრატისგან ავაწყობინე ორი კარადა-თარო. ეგაა მთელი ავეჯი. წლების მანძილზე, სადაც ცხოვრობ, იმ სივრცეში ბევრი რამ გიგროვდება, ან „შემოგეყიდება“ ხოლმე, რასაც მერე ვეღარ ელევი, მაგრამ იმ სივრცეში უკვე ზედმეტია. ასე მჭირდა მეც და როგორც იქნა,თავისუფლად ამოისუნთქა იმ სახლმაც, აქაურობას კი ზუსტად ეყო იქედან გადმონაწილებული ავეჯი და ნივთები. შპალერი და სამზარეულოც კი არ მიყიდია. ერთიც და მეორეც ადრე მქონდა შეძენილი, მეორე სახლში გამოცვლას ვაპირებდი. მერე დამეზარა და აი, სად გამომადგა.

- არის ეს ის, რაც გინდოდათ და რაც ჩაფიქრებული გქონდათ?

- სახლი არ არის დასრულებული. მაგალითად, უკანა ეზო მოსაწყობია. ახლა ნერგების ჩაყრის სეზონს ველოდები, ატამი და ალუბალი უნდა გავაშენო. საძინებლებში ე.წ. მანსარდები შესაბამისი მინიმალისტური ავეჯითაა მოსაწყობი. რასაც ხედავთ, ამ სახლის, ასე ვთქვათ, საგარეო სახეა. ახლა მთავარი კომპონენტია დასამატებელი და ეს მთავარი კომპონენტი იმ ადამიანების ხასიათი და ამბებია, ვინც მანდ უნდა ვიცხოვროთ. მე არ მიყვარს ლამაზი ნივთები ინტერიერში, მე მიყვარს ნივთები, რომლებიც ამბავს ყვებიან, ისტორია უმაგრებთ ზურგს. მაგალითად, ჭრელი ინდაური, რომელიც კედელზე კიდია, ვიღაცისთვის ლამაზი ნახატია, ვიღაცისთვისსასაცილო ფრინველი, ჩემთვის კი მთელი ამბავი დგას მის უკან, ჩემი უახლოესი მეგობრის სიყვარულის ისტორია. ასეთი ამბები და ისტორიები ხდიან სახლს „შენად“.
 

- ოჯახის წევრებიდან ვინ გედგათ გვერდში, ვის რჩევას და გემოვნებას ითვალისწინებდით ყველაზე ხშირად?

- ამ სახლის ყიდვიდან დღემდე მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ხან ემთხვეოდა ჩვენი აზრი, ხანაც ზემოთაც გიამბეთ, როგორ ვიშველიებდი დიზაინერს და ასე უთანასწორო ბრძოლაში „ვამარცხებდი“ ჩემს ქმარს. რემონტის ბოლო ეტაპი კი ჩემი მეგობრის და თანამშრომლის გიორგი ოქრიაშვილის მხრებზე გადავიდა. მანაც ჩემსავით აიღო შვებულება და 24-საათიან რეჟიმში დაკაპიწებული ჰქონდა ხელები. სარემონტო ბიუჯეტიც მას ებარა და ჭეშმარიტი ინვესტორივით წერილობით მოითხოვდა ხოლმე ანგარიშს. რომ არა მისი მობილიზებულობა, ახლაც ხარაჩოზე ვიდგებოდი.

- რას ნიშნავს თქვენთვის კომფორტული ბინა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და როგორ გრძნობთ თავს ახალ ბინაში?

- მე დავბრუნდი ჩემს სახლში. ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა. დავიბრუნე ჩემი ბიოლოგიური დრო. დილით მაღვიძებს ჩიტების ჭიკჭიკი, როგორც - 20 წლის წინ, როცა ახალგაზრდა და შეყვარებული ვიყავი. ოქტომბერში ჩემი ქალიშვილი ჩამოდის საფრანგეთიდან შეყვარებულთან ერთად და მინდა, სიურპრიზი მოვუმზადო და ეს სახლი მას ვაჩუქო. მინდა, ამ სახლში ისევ დაბრუნდეს რომანტიკული წარსული...

 

წყარო: "shin.ge"
ავტორი : მერი ბლიაძე
ფოტოები : გოგა ჩანადირი