ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

A+ A-

19:40 18/09/2019

მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. წლების წინ მოკლულის ოჯახის გეგმები ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი ირინა მარიჯანაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ოცნებამ ცუდსა და უარესს შორის გაგვაკეთებინა არჩევანი და ჩვენ ავირჩიეთ ცუდი პრეზიდენტი. მან არ ჩაიხედა არანაირ დებულებაში, გააუქმა კომისია, რომელიც იანვარში გააუქმა და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული, მიცხადებს დღეს მორატორიუმს, როგორ? იქ არ უწერია, რომ მკვლელი, მკვლელი, ძებნილი? ესეც არ უწერია გვარების გასწვრივ?“ - ამბობს დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი ირინა მარიჯანაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასლან ბეჟანიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა, 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. 2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე კვლავ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით განესაზღვრა.