სტატისტიკის დეპარტამენტში გაცილებით კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ - ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევაზე
სტატისტიკის დეპარტამენტში გაცილებით კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ - ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევაზე

A+ A-

13:36 19/09/2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომელის მიხედვით, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, არ ენდობა და აცხადებს, რომ გაცილებით კვალიფიქციურ კვლევებს სტატისტიკის დეპარტამენტში ატარებენ.

აღნიშნულის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. “NDI-ის კვლევის სიზუსტეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება ზუსტია შეიძლება არა. ის ეკონომიკური საკითხები, რაც მოყვანილია კვლევაში - სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. ამ საკითხებზე გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის დეპარტამენტში და სხვადასხვა უწყებებში. ეს არის გაცილებით მაღალხარისხიანი და მეთოდებიც არის აპრობირებული.

შესაბამისად, როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ბუნებრივია ჩვენ ეს პარალმეტრები გვაქვს გაცილებით უფრო ხშირად და გაცილებით უფრო ზუსტი. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და გატარებისას, ვეყრდნობით როგორც ადგილობრივ, პირველ რიგში სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვა უწყებების კვლევებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კვლევებს, რომლებიც ასევე საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ატარებენ, იქნება ეს მსოფლიო ბანკი თუ სხვა ორგანიზაციები.

შესაბამისად, მონაცემები გვაქვს ბევრად უფრო ზუსტი. NDI-ის კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით და რაკურსით დანახულია ხოლმე და განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა NDI-ის, როგორც ინსტიტუტის ნდობა იყო, მერე იყო საუბარი, რომ ადგილზე ვერ ხორციელდება სათანადოდ საველე სამუშაოები.

მე ამ პოლემიკაში ვერ შევალ, რადგან სათანადო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ თუ განწყობებში არის ცვლილება, ეს გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ და მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს ამან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აღებული იმ განწყობებით უნდა დავგეგმოთ ეკონომიკა. ეკონომიკას ჩვენ დავგეგმავთ იმ ზუსტი ინფორმაციით და იმ კვლევებით, სადაც ბევრად უფრო მაღალპროფესიულ დონეზეა ეს კვლევები მოპოვებული", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.