სასამართლო ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს - რომან გოცირიძე
სასამართლო ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს - რომან გოცირიძე

A+ A-

14:19 19/09/2019

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. მისი თქმით, მოსამართლეებს ფაქტობრივად, ბარბაროსული გადაწყვეტილებები გამოაქვთ. ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აბსოლუტური სისულელეა. დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრა, სადაც ადამიანები ჩაფხუთებით და ბეისბოლის ჯოხებით შევიდნენ და მთელი პარლამენტი დაამტვრიეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა რეპრესიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია პოლიციურ სისტემაზე და ძალოვანი ინსტიტუტები დღეს განსაზღვრავენ ფაქტობრივად ყველაფერს, მათ შორის არჩევნების ბედს. ამ რეპრესიული მანქანის ბოლო ინსტანცია არის სასამართლო.

სასამართლოს შესახებ ფაქტობრივად ბევრი არ გვილაპარაკია. სასამართლოებზე როცა ვსაუბრობთ, შემოვიფარგლებით ზოგადი სიტყვებით, რომ არსებობს კლანური მმართველობა და ამ ზოგადის შემდეგ ვერ მივდივართ კონკრეტიკისაკენ, რაღაც პოლიტკორექტულობის გამო, თუ რა კორექტულობაა, თუ კონკრეტული დამნაშავე მოსამართლეების სახელებს და გვარებს არასოდეს გვახსენებინებს?! არადა მრავალი მოსამართლე არის ფაქტობრივად დამნაშავე, რომელიც ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს და ეს არის თითქოს გადაფარება სასამართლო სისტემის და ეს სასამართლო არის წმინდა ძროხა, ხელშეუხებელი და მოდით ეხლა არ ვახსენოთ იმ ადამიანების გვარები, რომლებსაც საშინელი გადაწყვეტილებები გამოაქვთ მთავრობის დავალებით.

ეს რეპრესიები რომ გავაგრძელოთ, თუნდაც ის, რაც ირაკლი ოქრუაშვილს მიუსაჯეს, ეს ხომ აბსოლუტური სისულელეა? სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებენ ნიკა მელიას, ირკალი ოქრუაშვილს და იმ 50 ადამიანს, რომელიც ციხეშია. ჰონგ-კონგის პარლამენტში ხალხი ჩაფხუტებით რომ შეიჭრა, ბეისბოლის ჯოხებით, დალეწეს და დაამტვრიეს მთელი პარლამენტი, რა იყოს ეს? სახელმწიფო გადატრიალება იყო? სახელმწიფო ხელისუფლების დამხობით სისხლის სამართლის აღძვრა რომელ სასამართლო ლოგიკაში ზის? გინახავთ ისეთი ქვეყანა, რუსეთის ან ჩრდილოეთ კორეის გარდა... კუბაშიც კი არ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. რატომ არ არის ამაზე ხმამაღლა საუბარი?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.