ადამიანები ან არ ამხელენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ან შეცდომაში შეჰყავთ გამომკითხველი - ზოიძე NDI-ის კვლევაზე
ადამიანები ან არ ამხელენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ან შეცდომაში შეჰყავთ გამომკითხველი - ზოიძე NDI-ის კვლევაზე

A+ A-

15:00 19/09/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, ზოგადად პარლამენტს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ხოლმე მაღალი რეიტინგი. დეპუტატის თქმით, პარლამენტის საქმიანობის გაშუქება უმეტესად სკანდალურ ელფერში ხდება, სწორედ ამიტომ არის საზოგადოებრივ კვლევებში მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოს მიმართ.

„სკანდალურ შუქჩრდილებში თუ რაიმე „საინტერესო“ მოხდა, ძირითადად ამის გაშუქება ხდება. მაგალითად გუშინ რომ მივიღეთ კანონი მესამე მოსმენით, როდესაც 17 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს აღარ ექნება უზარმაზარი ჯარიმები, იქნება უზარმაზარი შეღავათები პენსიონერებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველი მუშაკებისთვის - ამის გაშუქება არ მომხდარა. ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ მოსახლეობის მხრიდან ასეთი შეფასება მოჰყვება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ უცხადებს მხარდაჭერას, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში გამომკითხველები შეცდომაში შეჰყავთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კი არჩევნების შედეგებს არასოდეს დამთხვევია.

„ადამიანები ან არ ამხელენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ან მალავენ შეგნებულად, შეცდომაში შეჰყავთ ხშირ შემთხვევაში თავისი აზრით გამომკითხველი, ამას აჩვენებს წლების განმავლობაში გამოცდილება , როდესაც არჩევნები თითქმის არასდროს არ ემთხვეოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად შევაფასებდი ნებისმიერ ასეთ კვლევას, მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ინფორმაციის წყაროდ მივიღებდი. ზოგადად, ცოტა არ მესმის, რატომ ვაგრძელებთ საზოგადოების კვლევას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად საქართველოს პარლამენტს გამოკითხული მოსახლება დაბალ რეიტინგს აძლევს.