9 თვეში 4468 მსჯავრდებულიდან პრეზიდენტმა 91 შეიწყალა - EMC
9 თვეში 4468 მსჯავრდებულიდან პრეზიდენტმა 91 შეიწყალა - EMC

A+ A-

15:16 19/09/2019

პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილის შეწყალების  უფლებამოსილების გამოყენებაზე მორატორიუმი გამოცხადებას ეხმიანება.

“EMC სრულად იზიარებს საზოგადოების კრიტიკას, პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო. ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.