"ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არ უნდა აისახოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე"
"ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არ უნდა აისახოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე"

A+ A-

15:37 19/09/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, როდესაც საუბარია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, ეს არ უნდა აისახოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბალ ხელფასზე თავდადებით მუშაობენ.

არამედ ეს უნდა აისახოს მანქანებზე, სამეურნეო ხარჯებზე. მისი თქმით, ვისაც მაღალმთიან რეგიონში სიარული არ უწევს, კეთილი უნდა ინებოს და მანქანის ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.

„ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ადამიანების გაშვებას ქუჩაში, ეს ადამიანები არჩენენ თავიანთ ოჯახებს და მიაქვთ შემოსავალი. მანამ, სანამ საკმარისი ტემპით კერძო სექტორში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ შეიძლება ჩვენ უმუშევრობა გავზარდოთ იმით, რომ ადამიანები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ის ხელფასია, რაც მათ აქვთ.

ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ასე ხდება, რომ საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, აქვს 500, 600 თუ 700 ლარი, წარმოდგენილია როგორც უზარმაზარი თანხების, შემოსავლის, ჯილდოების, საჩუქრების და დანამატების ადრესატად, ასეთი ადამიანის, მაღალი თანამდებობის პირის რიცხვი 200-ს არ აღემატება.

ათიათასობით საჯარო მოხელეა, რომელიც თავდადებით მუშაობს დაბალ ხელფასზე. აქ ვერ ვხედავ მე რეზერვს ვერანაირს, ვერც პოლიციელებს რომ ხელფასი მოემატა, სამძებრო სამუშაოებით რომ არიან დაკავებულები, აქაც ვერ ვხედავ მე ვერანაირ დასაძრახს, პირიქით უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ.

მასწავლებლებს რომ მოემატება ხელფასი და 1500 ლარი გაუხდება, ეს რეზერვი კი არა, ამ ქვეყნის მიღწევაა. რეზერვი არის მანქანები, სამეურნეო ხარჯები, ბენზინი, კეთილი ინებონ და იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვისაც არ სჭირდება მაღალმთიან რეგიონებში სიარული, კეთილი ინებონ და სატელეფონო ხარჯები საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურონ, აი რეზერვი სად არი და არ ჭირდება კიდევ წელიწადში ორჯერ რემონტის ჩატარება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამას გააკეთებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა მთავრობას მოუწოდა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შეამცირონ.