ეს არის ხიხოს მორიგი ეროვნული მასშტაბის ტყუილი 2020 წლის არჩევნების წინ - გამსახურდია
ეს არის ხიხოს მორიგი ეროვნული მასშტაბის ტყუილი 2020 წლის არჩევნების წინ - გამსახურდია

A+ A-

15:37 19/09/2019

ეს არის ხიხოს მორიგი ეროვნული მასშტაბის ტყუილი, ამჯერად - 2020 წლის არჩევნების წინ - ასე აფასებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას,რომელიც ფონდ “ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შენდება.

“წლების წინ ვამბობდი, ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებამდე, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი არ აშენდებოდა და მხოლოდ რეესტრიდან ამოღებული, გაჩეხილი ტყე დაგვრჩებოდა ამ ქოცური ტრიუკების შედეგად. უფასო ფულის, სოფელზე - ხუთი მილიონის და განახევრებული კომუნალური გადასახადების ავტორისაგან ქართველ ამომრჩეველს ეს სტაფილო ვირივით ცხვირწინა აქვს ჩამოკიდებული: 2012 წლიდან უახლოვდება, მაგრამ ვერ იღებს.
დღესაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხიხოს მორიგი ეროვნული მასშტაბის ტყუილი, ამჯერად - 2020 წლის არჩევნების წინ.
საქართველოში ერთადერთი მსგავსი მასშტაბის, თუმც უფრო მცირე ინვესტიცია განათლების სფეროში გახლდათ კახა ბენდუქიძის მიერ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დაარსება და განვითარება. უფრო დეტალურად ჩავუღრმავდეთ ამ მაგალითს:
1) ბენდუქიძემ ხსენებული უნივერსიტეტები დააფუძნა უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც მას არ აუშენებია, თუმც იაფად შეისყიდა იმჟანდელი ხელისუფლების დახმარებით. ქუთაისის უნივერსიტეტი ნულიდან უნდა დაიწყოს.
2) ისევე, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბენდუქიძემ გამოიყენა და განავითარა "სასოფლოს" აკადემიური ტრადიცია და პროცესი, დაეყრდნო უკვე არსებულ პედაგოგთა გუნდს. ამის მიუხედავად, წლები დასჭირდა განვითარებისათვის.
3) მიუხედავად იმ უზარმაზარი სივრცისა, რაც დღეს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს უკავიათ, იქ მხოლოდ რამდენიმე ათასი სტუდენტი სწავლობს. დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია საქართველოში, ქუთაისში, 60 ათასი სტუდენტის და შესაბამისი პედაგოგიური კორპუსისათვის უნივერსიტეტის ორგანიზება.
ზემოთქმული, გაცილებით მცირე მასშტაბის, მაგრამ საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულება შექმნა და განავითარა კახა ბენდუქიძემ, რომელიც წარსულში თავად იყო მეცნიერი, იცოდა აკადემიური - ცოდნის შექმნისა და გადაცემის - პროცესის თავისებურებები და მას დახვდა უკვე არსებული გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
ბიძინა ივანიშვილს ბენდუქიძისგან განსხვავებით არც შესაბამისი ცოდნა აქვს, არც გამოცდილება და არც უნარები. ერთადერთი უნარი, რაც მას აქვს, არის უპრეცედენტო ტყუილების რახარუხი, რათა ბიდლომ არ შეწყვიტოს მის ცხვირწინ დაკიდებული სტაფილოს დევნა და მან განუსაზღვრელი დროით შეინარჩუნოს აქ ძალაუფლება. ამავე დროს, მსოფლიოში არ არსებობს მეორე, მსგავსი მასშტაბის უნივერსიტეტის ასეთ პირობებში და ასეთ ვადებში აშენების მაგალითი!
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ერთი წლის შემდეგ, არჩევნების წინ ვნახავთ, იქნება ორი-სამი უსახური, საშუალო ზომის შენობა გაურკვეველი დანიშნულებითა და მიზნებით, და ქაღალდზე არსებული პედაგოგთა სია“, - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია ,რომ უნივერსიტეტის მშენებლობა ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და მშენებლობაში ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება