“მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღეზე მისი შვილიშვილის მკვლელს რომ იწყალებ, ყოველგვარ ზღვარს სცილდები“
“მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღეზე მისი შვილიშვილის მკვლელს რომ იწყალებ, ყოველგვარ ზღვარს სცილდები“

A+ A-

15:08 20/09/2019

ისტორიკოსი და პროდიუსერი მაია სტეფნაძე, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის მკვლელის შეწყალება, შურისძიება იყო. მაგალითად, კი სალომე ზურაბიშვილისა და მარიკა ლორთქიფანიძის დაპირისპირება მოჰყავს, რომელიც წლების წინ მოხდა. მაშინ ზურაბიშვილმა, ისტორიკოს პატრიოტიზმი დაუწუნა.

_ ჯერ კიდევ 2007 წელს, წინა ხელისუფლების მთავრობის წევრი იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როცა მისი მოუზომავი ლაპარაკით პირველ სკანდალში გაეხვა. მან პირდაპირ გაილაშქრა ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თვითონ პატრიოტი იყო, რადგან მისი წინაპრები დაპყრობილ ქვეყანაში არ დარჩნენ, ხოლო ვინც დარჩა, მოღალატეები და რუსების მსახურები იყვნენ. ეს უაპელაციო განცხადება იმდენად აღმაშფოთებელი და შეურაცხყმყოფელი იყო, რომ ინგა გრიგოლია -მ ტელეკომპანია  “მზის” ეთერში ქალბატონი მარიკა მოიწვია, მას ღირსეული პატივი მიაგო და უზარმაზარი ყვავილების თაიგული მიართვა. 16 წელი გავიდა და ამ ქალმა მაინც მოახერხა, თავისი სიძულვილი გამოეხატა და ქალბატონი მარიკას შვილიშვილის მკვლელი გაანთავისუფლა.  

_ თქვენ თვლით, რომ სალომე ზურავიშვილის მხრიდან ანგარიშწორებას ჰქონდა ადგილი?

_ უბრალოდ, მე ეს ფაქტი გამახსენდა და ჩემთვის პრეზიდენტის საქციელი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან მთელი საქართველო დიდ პატივს სცემდა მარიკა ლორთქიფანიძეს. ის ჩემთვის პრინციპულობის ეტალონი იყო. ქალბატონმა მარიკამ, შევარდნაძეს თვიმფრინავის ბიჭების დახვრეტის თემაზე, ხელი არ მოუწერა. უფრო სწორედ, შეუტანა პეტიცია, რომ ბიჭები არ დაეხვრიტა. ასეთი არის ძალიან ბევრი მაგალითი. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი მეცნიერი იყო, ასევე საოცრად ბრწყინვალე ლექტორი იყო. პირადად მე, როდესაც ლექციებს ვკითხულობდი თუ სტატიებს ვწერდი, ქალბატონი მარიკა ყოველთვის გვერდით მედგა. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალიან მტკივნეულად მახსოვს, სალომე ზურაბიშვილი როგორც მოექცა ქალბატონ მარიკას.

შურისძიება რომ იყო, ამის რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს. მაგრამ, აშკარაა რომ მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღეზე, 28 აგვისტოს, მისი შვილიშვილის მკვლელს რომ იწყალებ, ყოველგვარ ზღვარს სცილდები.

_ პროკურატურამ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს თუ არა, რომ “ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა?

_ სალომე ზურაბიშვილმა  ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრ შეცდომებს უშვებს “ქართული ოცნებაც“. ჩემი აზრით, ამ მკვლელების შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რომელიც “ოცნებამაც“ კი აღარ გაუტარა. პირველივე შემთხვევის დროს, როდესაც პოლიციელის მკვლელი შეიწყალა, ხელისუფლებას მაშინვე უნდა ამოეღო ხმა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ღირსებას დაარტყა, როდესაც პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი იარაღი პოლიციია და როდესაც შენს მიერ წარდგენილი პრეზიდენტი, შენი აპარატის მკვლელს იწყალებს, ეს არის სახელმწიფოზე გადავლა. “ქართულ ოცნებას“ გონი უნდა ჰყოფნოდა, რომ მაშინათვე დაეწყო გამოძება, როდესაც პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალა.

ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ საზოგადოების ბრალია, რომ არ ავტეხეთ ამბავი, როდესაც პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. გვეწყინა, გვეტკინა, მაგრამ წითელი ხაზი, რატომღაც არ აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი გამოდიოდა პროტესტის გამოსახატველად, მაგრამ ეს საკმარისი არღმოჩნდა. მაგრამ, ქალბატონი მარიკას შვილიშვილის მკვლელისა და მეორე დიდი საქმის შეწყალების ამბავი უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, “ქართულმა ოცნებამაც“ ყურადღება მიაქცია. ესა ცოტა გულკსატკენია.

_ იმ შემთხვევაში თუ გაჩნდა პეტიცია, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მოაწერთ ხელს?

_ პირველი ვიქნები, ვინც ხელს მოაწერს.