ანსამბლი “ალილო“ დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს
ანსამბლი “ალილო“ დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

A+ A-

16:02 24/09/2019

ჯგუფი “ალილოს“ დაარსებიდან 20 წელი სრულდება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშნვას, ანსამბლი კონცერტით აპირებს, რომელიც 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

როგორ  დაარსდა „ალილო“ და როგორი იყო განვლილი 20 წელი ანსამბლისთვის, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, “2020NEWS“, “ალილოს“ ერთ-ერთი წევრი მიშა ჭონიშვილი ესაუბრა.

_ 20 წლის წინ  ვისი იდეა იყო, რომ შექმნილიყო ანსამბლი “ალილო“?

_ 20 წლის წინ, ტექნიკურ უნივესტიტეტში ვსწავლობდი, სადაც ვოკალურ ანსამბლში ვმღეროდი. ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ ცნობილი მომღერალი გურამ თამაზაშვილი უნივერსიტეტში  ვაჟთა ვოკალურ გუნდს აკეთებდა. თავიდან დიდი ჯგუფი იყო, შემდეგ მოხდა ამ დიდი ჯგუფიდან 10-12 ადამიანის ამორჩევა და ანსამბლი გაკეთდა. დროის განმავლობაში ბევრი ცვლილებები განვიცადეთ. თუმცა, იმ დროს ფოლკლორული ანსამბლი იყო და რეპეტიციები ბატონ გურამის სახლში გვქონდა ხოლმე. შემდეგ, უკვე ქალაქურ სიმღერებზეც გადავედით.

თავიდან  “ზარები“  გვერქვა და მერე ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშილმა, საშობაო სიმღერა “ალილო“ დაგვიწერა. სწორედ, ამ სიმღერის შესრულების შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  ანსამბლი “ალილო“  დაგვერქვა.

_ იარსებოს ანსამბლმა 20 წელი ცოტა დრო არ არის. როგორ შეძელით, რომ დღემდე მოხვედით?

_ სირთულეები ნამდვილად იყო - ზოგჯერ რეპეტიციებზე ისეთ სიტუაციებში გვიწევდა სიარული, როდესაც ვიღაცას გზის ფული არ ჰქონდა. მაშინ ისეთი პირობები არ იყო, რომ ყველას სიხარულით ევლო. მაგრამ, გურამ თამაზაშვილის დამსახურებით, ყველა დაბრკოლების მიუხედავად რეპეტიციებზე დავდიოდით, ამას შემდეგ მოვიდა აღიარება.

გურამის გარდაცვალების შემდეგ, რაღაც პერიოდი გაჩერებულები ვიყავით. შემდეგ ანსამბლის ნაწილი ფოლკლორული მიმართუებით წავიდა, ხოლო ჯგუფი “ალილო“, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ვმღერით როგორც ფოლკლორულ, ასევე ქალაქურ სიმღერებსაც.

მოკლედ, უფულობისა და სირთულეების შემდეგ, რაღაც ეტაპზე ავიწეთ და ამის შემდეგ პოლულარულები გავხდით.

_ რომელმა სიმღერამ გაგხადათ პოპულარული?

_ ერთ-ერთი იყო საშობაო სიმღერა “ალილო“, სადაც თავად გურამ თამაზაშვილი და ლაშა ღლონტის შვილი ანი ღლონტი დუეტში მღეროდნენ და ანსამბლის დანარჩენი წევრები ბექვოკალში ვმღეროდით. ამ სიმღერიდან დაიწყო ჩვენი პოპულარობა. შემდეგ იყო გასტროლები ევროპაში და ამერიკაში.

_ 90 წლების მიწურულს ქართული შოუ-ბიზნესი საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა თქვენ იმ პერიოდში არ ჩანდით...

_ ზუსტად ვერ ვიტყვი, რა ტრენდებია ქართულ შოუ-ბიზნესში. შოუ-ბიზნესი უფრო ინდივიდუალურ მომღერლებზეა დამოკიდებული და ჩვენ ჯგუფი ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. მარტო ქართულ სიმღერებზეც არ ვართ დამოკიდებულები. როდესაც უცხოეთიდან მოწვევები გვაქვს, გვაქვს სხვა სიმღერებიც. თუმცა, საქართველოშიც მუშაობს შოუ-ბიზნესი. ყველა მომღერალს და ჯგუფს თავისი მსმენელი ჰყავს.

_ თუმცა, ხშირად ისმის ქალაქურ სიმღერებისა და ფანოღური სიმღერების მიმართ კრიტიკა. როგორ ახერხებთ ზღვარის გავლებას?

_ აქ მართლაც ზღვარია გასავლები, რადგან ფოლკლურული და ქალაქური სიმღერები ძალიან ძვირფასია.  ამას მარტო ჩვენ არ ვაღიარებთ, ამას იუნესკოც აღიარებს. რაც შეეხება ქალაქურ სიმღერას, ის ნამდვილად მოსაფრთხილებელია, რადგან მისი ძალიან გაპაპსავება იწვევს იმას, რასაც ფანოღს ეძახიან.  ჩვენ ვცდილობთ, რომ ტრადიციული ნიშა შევინარჩუნოთ. გვყავს ძალიან ბევრი კარგი კომპოზიტორი, რომლებსაც ჩვენთვის აქვს დაწერილი სიმღერები - მაცაცო სებისკვერიძე, მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, რომელთა სიმღერები წარმოადგენს მუსიკალურ ფასეულობას.

_ ამბობთ, რომ სიმღერა “ალილომ“ მოგიტანათ პოპულარობა, თუმცა ამის გარდა რომელ სიმღერას გამოარჩევდით, რომლიც მსმენელმა აიტაცა?

_ ძალიან პოპულარული იყო თეა ჯინორიას სიმღერა “ახალ მთვარეს, რომ მიყვარდი“. ახლაც ძალიან პოპულარული ჩვენი ქალაქური პოპური და რომელიც ტრიალებს რადიოებში. ადრე, იყო პოპურული “გადამრიე გადამრიე“, რომელსაც კვარტეტი “ალილო“ ასრულებდა. ჩვენს ანსამბლში არიან ინდივიდუალური მომღერლები, სათითაოდ ყველას ჩვენი მიმართულებაც გვაქვს.  მე ფოლკლორის მიმართულებით ვარ, გია დავითიანი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, საბა კემულარია - ბიჭებს ყველას თავისი სიმღერები აქვთ.

_ ლაშა ღლონტი  „ალილოს“ სახეა. ფიქრობთ, რომ ის ჯგუფის მთავარი ღერძია?

_ კი ასეა. ასევე სოლო კარიერა ყველაზე მეტად რეალიზებული ლაშაა.

_ 20 წლის იუბილეს აღნიშნავთ, რომ გვითხრათ როდის და სად გაიმართება კონცერტი?

_ 24 ნომებერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში გვექნება კონცერტი. სადაც წარმოდგენილი იქნება მთელი ჩვენი რეპერტუარი, დაწყებიდან ბოლო სიმღერამდე. ვფიქრობთ, რომ საინტერესო კონცერტი იქნება. იქნება ორკესტრი და ბენდი. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო კონცერტი უნდა გამოვიდეს.

_ მსმენელის წინაშე დღევანდელი შემადგენლობით წარსდგებით, თუ ძველი “ალილოს“ წევრებიც იქნებიან?

_ იქნება ძველი შემადგენლობაც, მაგრამ ძირითადად წარმოდგენილი ვიქნებით ვინც ამჟამად წარმოვადგენთ “ალილოს“.

_ რამდენ სიმღერას შესთავაზებთ მსმენელს?

_ დაახლოებით 2 საათიანი პროგრამა იქნება, სავარაუდოდ 20 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

_ ამის გარდა რა სიმღერებს შეასრულებთ?

_ ფაქტობრივად სიმღერების ნახევარი ახალი იქნება, რომელიც მსმენელს “ალილოს“ შესრულებით არ აქვს მოსმენილი. 8-10 სიმღერა იქნება ახალი. ლედ ეკრანი გვექნება, სადაც “ალილოს“ ისტორია გავა - როგორ დავიწყეთ, როგორ ვვითარდებოდით და ა.შ. გვეყოლება წამყვანი, თუმცა ამ ეტაპზე თუ ვინ იქნება ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ.

_ ვარსკვლავის გახსნა იგეგმება?

_ მიუხედავად იმისა, რომ ცნობადი ანსამბლი ვართ, მაინცდამაინც ამბიციები არ გვაქვს, რომ ვარსკვლავი გაგვიხსნან. შემდეგ თუ ვიმუშავებთ და დავიმსახურებთ, შეიძლება.

_ რეგიონებში ხომ არ აპირებთ ამ კონცერტის გატანას?

_ აუცილებლად, ყველა დიდ ქალაქში წავიღებთ ამ კონცერტს - ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში. ამის გარდა კონცერტები გვექნება ევროპაში და ამერიკაშიც.