ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი CERN-ის მეცნიერს, ტიციანო კამპორეზის მიენიჭა
ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი CERN-ის მეცნიერს, ტიციანო კამპორეზის მიენიჭა

A+ A-

15:43 26/09/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი საერთაშორსო რანგის მეცნიერს, CERN-ის პროფესორს ტიციანო კამპორეზის მიენიჭა.

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული საპატიო ჯილდო იტალიელ მეცნიერს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ის ჯგუფის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) COMET-ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი, პროფესორი სატოში მიჰარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CMS და COMET ექსპერიმენტების ქართული ჯგუფის მკვლევრებს, სამეცნიერო პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და პროფესორ სატოში მიჰარას საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციის მნიშვნელობაზე CERN-სა და KEK-თან, ასევე იმ სამეცნიერო ურთიერთობებზე, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში წამყვან ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა.

არჩილ ფრანგიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან, პროფესორ ტიციანო კამპორეზისათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების წინაპირობა სწორედ ეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გახდა, პროფესორ სატოში მიჰარას კი ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული საპატიო ჯილდო გასულ წელს გადაეცა. „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სახით გადაგვეხადა მადლობა პროფესორ ტიციანო კამპორეზისთვის, მისი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან, რაც არაერთი წელია გრძელდება. ტექნიკური უნივერსიტეტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ორი გამოჩენილი ფიზიკოსი.

პროფესორი სატოში მიჰარა წარმოადგენს იაპონიის KEK-ს, პროფესორი ტიციანო კამპორეზი კი - CERN-ს. სატოში მიჰარა ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერია ტოკიოში და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. მასთან თანამშრომლობით ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იაპონიის სოკენდაის უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა, რომელთა საფუძველზე ჩვენი სტუდენტები ორმაგი, ქართულ-იაპონური დიპლომის მიღებას შეძლებენ.

თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ უნიკალური შანსი, ისწავლოთ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამასთან ერთად, ისწავლოთ იაპონის წამყვან უნივერსიტეტში და გახდეთ სოკენდაის სტუდენტები. ასევე, გაქვთ ინფორმაცია, რომ CERN-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ბირთვული კვლევების ორგანიზაციაა, რომელიც მრავალი მიმართულებით მუშაობს. ეს კავშირი ჩვენი უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო თანამშრომლობის მომტანია. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. პროფესორ ტიციანო კამპორეზის დახმარებით, თქვენ, სტუდენტები, შეძლებთ CERN-ის კვლევების თანამონაწილეები გახდეთ. ამაში ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაც დაგეხმარებათ. სწორედ ეს ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი მუშაობს CERN-თან ერთობლივ კვლევებზე. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს, უდიდესი შესაძლებლობები გაქვთ და გვინდა, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს თაობას ნამდვილად არ ჰქონია“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ღონისძიებაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ჩატარდა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისთვის CERN-ში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს, შესრულებული სამუშაოები განიხილეს და უახლოესი სამომავლო გეგმები დასახეს.