მამუკა ხაზარაძეს ვურჩევ, საკუთარ სიტყვებს უფრო მეტი წონა მისცეს - გია ხუხაშვილი
მამუკა ხაზარაძეს ვურჩევ, საკუთარ სიტყვებს უფრო მეტი წონა მისცეს - გია ხუხაშვილი

A+ A-

12:43 27/09/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან პარლამენტში დაწყებულ გასაუბრებისთან, აღნიშნულ პროცსებზე ევროსაბჭოს კრიტიკულ განცხადებასთან და ქვეყანაში მინდინარე სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავაშირებით “2020NEWS“ პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, “ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან, მათ შორის, წინა რეჟიმის მოსამართლეებთან გასაუბრებას აწარმოებს. ეს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“კოჰაბიტაცია შეცდომა იყო. როგორ აფასებთ აღნიშნულ პროცესებს?

- პროცესი პარადოქსულია. ხელისუფლება გველაპარაკება წინა რეჟიმის სისასტიკეზე და თან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ფუნდამენტური ელემენტი ძალადრობრივი რეჟიმის, შეინარჩუნოს. მოსამართლეობის კანდიდატები გამოდიან და ამბობენ, წინა რეჟიმის პირობეში ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით კანონის შესაბამისად და აბსოლუტურად თავისუფლები ვიყავითო. თუ ეს ხალხი თავისუფალი იყო, მაშინ სად არსებობდა რეჟიმი?! მიხეილ სააკაშვილს რას ედავებიან, თუ ყველა მოსამართლე თავის რწმენით იღებდა გადაწყვეტილებას?! ხელისუფლება ასეთ აბსურდშია შესული.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს თანამდებობაზე მხოლოდ ხუთი მოსამართლე განამწესოს. “ქართული ოცნება“ აღნიშნულ რეკომენდაციას ყურად იღებს?

- მე სკეპტიკურად ვუყურებ „ქართული ოცნების“ მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის გათვალისწინებას. ხელისუფლებას დღეს აქვს ერთადერთი ამოცანა და ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კი მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ მართლმსაჯულებაზე კონტროლი უნდა დაამყაროს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მოსამართლეები მმართველმა პარტიამ გაიყვანოს.

- თანამდებობაზე ოცივე კანდიდატის დამტკიცებას ელოდებით? 

- შეიძლება დემოკრატიული ფასადის შექმნისთვის ერთი-ორი გამონაკლისი დაუშვან, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა სისტემურია. ხელისუფლებას აქვს პოლიტიკაში ინტეგრირებული, კონტოლირებადი მართლმსაჯულების სისტემის მოთხოვნილება. ჯერ პროცესი შუაშია, მაგრამ ვიცით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილი და დანიშნული შალვა თადუმაძე იქნება. ანუ ხელისუფლებას ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი, რაც სისტემის მანიერებაზე მეტყველებს.

- საკანონმდებლო ორგანოში პარტია “სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია და “ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდენენ. აღნიშნულ ფაქტს როგორ შეაფასებდით?

- კონკრეტული ფაქტი იყო ამაზრზენი. ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო ზარდიაშვილის მხრიდან. ამაზრზენია, როდესაც კაცი ჩუმად სისინებს და სისინით აყენებს შეურაცხყოფას ადამიანს. თუ კაცობა გაქვს, სათქმელი ხმამაღლა თქვი. „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილი ზარდიაშვილს ამართლებს, რომ თურმე ჩურჩულით ადამიანის შეურაცხყოფა მოსულა, რაც მარაზმია.

- მას შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას აღარ ერიდება და ქვეყანაში მიმდინარე მთავარ პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. მის პოლიტიკურ სტრატეგიას როგორ შეაფასებდით? - პოლიტიკაში დასამკვიდრებლად პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს?

- მამუკა ხაზარაძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ სიტყვებს უფრო მეტი წონა მისცეს. არსებობს თემები, რომლებზეც მან კი ან არ უნდა ილაპარაკოს. მისი ყველა სიტყვა უნდა იყოს მეხის გავარდნასავით, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ხაზარაძე ქართულ პოლიტიკაში ინტრიგას ქმნის, მაგრამ მთავარი ნიუსმეიქერი ვერ ხდება, რაც მას აზიანებს. ნელ-ნელა თუ მოინდომებს, შეიძლება, ეს ყველაფერი გამოასწოროს.

- გიორგი კვრიკაშვილის მეგობარმა მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან იმიტომ გადააყენეს, რომ მას დასავლელ პარტნიორებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და რომ ახლა პოლიტიკაში იმიტომ არ ბრუნდება, რომ მეგობარი მინისტრების, ალავიძე-ქუმსიშვილის დაჭერით აშანტაჟებენ. თქვენი აზრით, ხაზარაძე რეალური მიზეზების შესახებ საუბრობს?

- ხაზარაძის საუბარი საკმაოდ მძიმეა და ამ საუბარში ვერ შევალ. კვირიკაშვილზე წინააღმდეგობრივი ემოციები მაქვს. იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, კვირიკაშვილი წესიერი ჩინოვნიკი იყო, მაგრამ ის იყო გაშვებული შესაძლებლობების მქონე პრემიერი. კვირიკაშვილს თანამდებობაზე შეეძლო ბევრად მეტის გაკეთება. ის, როცა რაღაცის გაკეთებას შეეცადა, უკვე გვიანი იყო. თუ ყოფილ პრემიერს ახლა აშანტაჟებენ, ეს არის ძალიან ცუდი. მაგარამ თუ კვირიკაშვილი ჟანტაჟს ექვემდებრება, მისი ფასი კაპიკის ტოლია.

- ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით, მტკიცებით ფორმაში საუბარი არ შეუძლია. ქობულიას პოლიტიკური წონა ქართულ რეალობაში გარდამტეხი რეალობის შემომტანია?

- ქობულია პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, პოლიტიკაში აქამდე უნდა ყოფილიყო. ის თანამდებობაზე რომ დაინიშნა, პირველი თვე ეძინა. მერე გაუგებრობაში მოყვა. ქობულია მაინცდამაინც დიდ პოლიტიკოსად საკუთარ თავს ნუ წარმოადგენს. როგორც პოლიტიკურ იფიგურა ქობულიაზე საუბარი არასერიოზულია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე