გიორგი ქობულია, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი - ვინ იქნებიან ანა დოლიძესთან ერთად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში?!
გიორგი ქობულია, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი - ვინ იქნებიან ანა დოლიძესთან ერთად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში?!

A+ A-

18:46 27/09/2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც დოლიძემ “2020NEWS”-ს განუცხადა, ამჟამად მოძრაობის ჩამოყალიბების მიზნით, ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს აწარმოებს. დეტალების შესახებ ანა დოლიძე “2020NEWS“ -თან ინტერვიუში საუბრობს.

- ქალბატონო ანა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობთ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პროცესებში. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება რატომ გადაწყვიტეთ?

- ვფიქრობ, ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას ფორმალური სახე უნდა მივცე. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივად დიდი ხანია ვაქტიურობ, მაგრამ გარკვეული მიზნების მიღწევის მიზნით, ბევრი ადამიანის ირგვლივ შემოკრება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებსაც ვხვდები, მეუბნებიან, რომ ამ მხრივ ვიაქტიურო. როგორ კი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღი გვეცოდინება, აუცილებლად გაგაგებინებთ.

-საზოგადოებრივ მოძრაობაში პოლიტიკოსები, მათ შორის, ცნობილი სახეები იქნებიან?

-კი, აუცილებლად. იმ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი, რომლებიც იყვნენ და არიან აქტიურ პოლიტიკაში. იმის გამო, რომ ამ ადამიანებთან მყარი შეთანხემა მიღწეული არ მაქვს, ჯერჯერობით, მათ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ. გეტყვით, რომ თანამშრომლობას არ ვაპირებ “ქართულ ოცნებასთან“ და “ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებსაც დიდი ხანია ვებრძვი.

- ჩვენი ინფორმაციით, თქვენ კონსულტაციებს აწარმოებთ თანამდებობიდან სკანდალურად წასულ ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან გიორგი ქობულიასთან, რომელმაც “2020NEWS“-თან პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

- მე გიორგი ქობულია ახლახანს გავიცანი. მას პოზიტიურად ვახასიათებ, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. თუ გიორგი ქობულია ჩვენს მოძრაობაში იქნება, სიამოვნებით წარგიდგენთ.

- ასევე, ჩვენი ინფორმაციით, მოძრაობაში გაერთიანების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებთ “ქართული ოცნების“ ყოფილ, ამჟამად კი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ლევან კობერიძესთან და ლევან გოგიჩაიშვილთან. ამ ინფორმაციას ადასტურებთ?

- ლევან კობერიძესთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ძალიან კარგი და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ.

-პალიტრანიუსის გადაცემა “შუადღის სტუდიაში“ განაცხადეთ, რომ 2020 წელს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ “ამინდს შექმნის“. მოძრაობა, რომლის სახელი, ჯერჯერობით, უცნობია, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

- ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რადგან აღნიშნული მოძრაობის წევრთა საერთო შეთანხმების საგანია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც პირველ ყოვლისა, საზოგადოების დაკვეთაა.

- თქვენ "თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებდით, რომელთან ერთადაც საზოგადოებრივ მოძრაობაში უნდა ყოფილიყავით. მოლაპარაკება რატომ ვერ შედგა?

- მე და მამუკა ხაზარაძეს გვქონდა რამდენიმე საქმინი შეხვედრა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გუნდის წევრები თავიდავე უნდა იყვნენ შეთანხმებულნი მოძრობაში რას გააკეთებენ. საზოგადოებრივ მოძრაობაში გუნდის წევრები პრინციპების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ და არა პიროვნული სიმპათიის გამო. მე გადავწყვიტე, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ჩვენი ფორმატის გათვალისწინებით ვიმუშაო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე