დატყვევებული დეკანოზის მიმართ „პრინციპულ“ უმოწყალობას აქვს ადგილი - თორნიკე მამალაძე
დატყვევებული დეკანოზის მიმართ „პრინციპულ“ უმოწყალობას აქვს ადგილი - თორნიკე მამალაძე

A+ A-

14:09 28/09/2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ბოლოდროინდელ შეწყალებას ეხმაურება. თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისი ძის მიმართ, „პრინციპულ“ უმოწყალობას აქვს ადგილი.

“არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა იმ მდგომარეობის შესახებ, რაც შეიქმნა მძიმე დანაშაულობათა გამო გასამართლებულ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ შეწყალების აქტის გამოცემას საზოგადოებაში ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და საჯაროდ გამოთქმული არაორაზროვანი ვარაუდების გამო, გამოძიებაც კი დაიწყო შესაბამისმა ორგანომ ე.წ. შეწყალების სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით; არსებულის ფონზე ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის უმოწყალობა, რასაც ვხედავთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, რომელსაც მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის შემდეგ, რასაც ამ დღეებში ვხედავთ და გვესმის, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ. „პრინციპული“ უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ; მით უფრო, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მის ბრალეულობას. საზოგადოდ კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვესწავლება, რომ შეწყალება (პატიება), ეს უაღრესად ჰუმანური ქმედება, არის ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემადგენელი მნიშვნელოვანი ასპექტი. გავიხსენოთ, თუნდაც, წმიდა სახარებისეული იგავი უწყალო მონის შესახებ (მთ. 18,21-35), სადაც საუბარია ადამიანზე, რომელსაც ბატონმა დიდი ვალი აპატია, ხოლო მან, თავის მხრივ, არ აპატია მცირედი ვალი ადამიანს, რომელსაც, პირიქით, მისი ემართა; უმოწყალობის შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუტევე და მოგეტევება; აი, მთავარი სამოქმედო პრინციპი ქრისტიანისა“ - წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თორნიკე მამალაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარავი გაშალა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.