მცოცავი ანექსია და გატაცებების სტატისტიკა - ოკუპაციური რეალობები
მცოცავი ანექსია და გატაცებების სტატისტიკა - ოკუპაციური რეალობები

A+ A-

12:45 01/10/2019

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ შიდა ქართლისა და სამაჩაბლოს 103 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ომიდან სამი წლის შემდეგ, 2011 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ბორდერიზაცია (მავთულხლართების, ღობეების, ტრანშერების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი) დაიწყო.

ახალი საოკუპაციო ხაზი კიდევ 32 სოფელში გაივლო (ჯამში დაახლოებით 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული), პროცესი კი დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება თვითაღიარებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი ამ რეგიონის/კოდორის ხეობის 22 სოფელზე დაკარგა, 2013 წლიდან კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყო, თუმცა პროცესი მომდევნო წლებში შეჩერებული იყო, თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, როცა ოკუპანტებმა ხურჩაში ბორდერიზაცია ისევ განაახლეს.

მთლიანობაში, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 9 სოფელს შეეხო და მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 48 კმ-ზე მეტია.

საბოლოოდ, დღეის მდგომარეობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი ცხინვალის რეგიონში 3.8 ათას კმ²-ს, ხოლო აფხაზეთში – 8.7 ათას კმ²-ს შეადგენს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 145 კმ-ს (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1 839 კმ-ია) შეადგენს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერიოდული გამოცემების მიხედვით, ე.წ. აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 148 კმ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კი – 390 კმ სიგრძისაა).

გატაცებები

სუს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 წლიდან 2017 წლის ბოლოს ჩათვლით, ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მთლიანობაში 1077 ადამიანია დაკავებული.

მაისის შუა რიცხვებიდან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები იზრდება, რადგან ხაშურისა და საჩხერის მოსახლეობის ნაწილი ამ დროს ტყეში ჯონჯოლის საკრეფად გადის, ტყიან ადგილებში კი მავთულხლართები და ამკრძალავი ბანერები არ არის, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხვდება, სად გადის საოკუპაციო ხაზი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,

2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული ე.წ. „ბრალდებით“ დაკავებულია 5 პირი,

2009 წელს – 78 პირი,

2010 წელს – 73,

2011 წელს – 134,

2012 წელს – 108,

2013 წელს – 142,

2014 წელს – 142,

2015 წელს – 163,

2016 წელს - 134 ადამიანი.

2017 წელს კი 127 ადამიანი.

საერთო ჯამში, 2008 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ჩათვლით ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონაში 398 პირი დააკავეს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, დაკავებულთა რიცხვი უკვე 700-ს აჭარბებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს წელიწადში საშუალოდ 80 მოქალაქე იყო დაკავებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი – 130.

დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ტოვებენ, რომელიც 2 000 რუსულ რუბლს შეადგენს. ერთი და იგივე პირის განმეორებით დაკავების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

ამდენად, 2008-2012 წლებში ქართული მხრიდან ცხინვალის ბიუჯეტში ე.წ. ჯარიმის სახით დაახლოებით 160 000 რუსული რუბლი (დაახლოებით 45 714 ლარი) შევიდა, 2012-2017 წლებში კი 440 000 რუბლი (დაახლოებით 70 571 ლარი).

 

მომზადებულია "ფაქტ-ჩეკის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით.

წყარო: ნიუპოსტი