ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდება
ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდება

A+ A-

14:13 04/10/2019

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი მელოდიები აჟღერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება.

ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო", ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ცნობილი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, საუკეთესოდ არის მიჩნეული.