“ავერსისა” და “პეესპეს” ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!”
“ავერსისა” და “პეესპეს” ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!”

A+ A-

14:46 07/10/2019

"საქართველოში მედიკამენტთა ფასი 5-6-ჯერ უფრო მაღალი რომ არის ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა საუბარი და დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ რეალობის შეცვლას შევეცდებოდით. მთავრობის მხრიდან ბევრჯერ იყო დაპირება ამ 7 წლის მანძილზე, მაგრამ არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა ჯერ. გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს არაორდინალური პროექტი. შემოგვაქვს მედიკამენტები ჯერჯერობით თურქეთიდან, თუმცა სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოვიტანთ”, - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ავერსისა” და “პეესპეს” ზღაპრები წამლების მაღალ ფასებზე დამთავრდა!” 

“ამჯერად ქალაქ ხოფადან შემოვიტანეთ - საქართველოსთან შედარებით ძალიან იაფი ღირდა მედიკამენტები, თუმცა, როგორც გავიგეთ, ხოფაში თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით ისედაც ძვირი ყოფილა წამლები, ამიტომ ვფიქრობთ კიდევ უფრო დაბალ ფასად მოვახერხებთ ჩამოტანას. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ერთი კვირაა მედიკამენტების შემოტანა დავიწყეთ და ეს ერთი კვირა საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა. შესაძლებელია, თანამშრომლების დამატებაც დაგვჭირდეს. ოფისშივე გამოვყავით ფართი, სადაც მედიკამენტებს ვინახავთ, ყველა რეგიონულ ოფისში გვინდა ფართის გამოყოფა, იმ ადამიანებთან კი, ვისაც სიარული არ შეუძლია, თავად მიგვაქვს წამლები. უკვე დავრეგისტრირდით წამლის შემომტან სააგენტოდ, ჯერჯერობით მხოლოდ 15 დასახელების წამალი შემოვიტანეთ - ამჯერად მხოლოდ მესამე ჯგუფის წამლები - რომელთაც არ სჭირდება რეცეპტები, წნევის, გულს-სისხლძაღვთა და სხვ. დაახლოებით ერთ თვეში მზად იქნება საბუთი, რათა პირველი და მეორე ჯგუფის წამლები შემოვიტანოთ. ამჯერად მეტი დასახელებისას შემოვიტანთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას თენგიზ ომანაძე.

“პარალელურად, ვიკვლევთ ბაზარს, იმის მიხედვით ვგეგმავთ შემოტანას, რა მოთხოვნაცაა. არადა მოთხოვნა ძალიან დიდია. მომავალში ვფიქრობთ ბავშვთა კვების შემოტანასაც, რადგან ესეც ბევრად ძვირი ღირს საქართველოში, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. წამლის შემოტანის აქციის შეწყვეტას არ ვაპირებთ - აქცია იმიტომ ჰქვია, რომ სრულიად არაკომერციული პროექტია, ზუსტად იმ თანხაში ეძლევათ საშუალება შეიძინონ, რა ფასადაც ვყიდულობთ. ყველაფერი გამჭვირვალეა, საბუთებს ვაჩვენებთ და ვდებთ. ჯერჯერობით ჩვენი თანამშრომლების ძალებით ვმუშაობთ, ჩვენივე ფინანსებით ვახერხებთ ტრანსპორტირებასაც, პარტიის ოფისი ისტუმრებს ხარჯს. შემდეგ, როცა დიდ პარტიას შემოვიტანთ, თუ დაგვჭირდება რამდენიმე პროცენტის მომატება გზის ხარჯის დასაფარად, თანამშრომელთა ხელფასისი გადასახდელად, არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან ძალიან მინიმალურ ცვლილებას გამოიწვევს ფასის”, - განაგრძობს რესპონდენტი. “ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ მოვამარაგოთ მთელი საქართველო - ჩვენი მიზანია წამალი გაიყიდოს გაცილებით იაფ ფასად. ზღაპრები, რასაც გვეუბნებიან “ავერსში” და “პეესპეში”, რომ, აი, საზღვარზე იბეგრება და ა.შ. დაძველდა... ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკება არაბრენდ აფთიაქებთან, პატარა, ე.წ. უბნის აფთიაქებს რომ ვეძახით და მზად არიან 15-20%-ის ნამატით გაყიდონ ჩვენი შემოტანილი წამლები. ისინი კომერციულ საქმიანობას ეწევიან და რა თქმა უნდა, პროცენტი უნდა დაადონ, ოღონდ არა 600% - სრულიად საკმარისი იქნება 20% და ესეც ბევრად დაბალი ფასი გამოვა ბრენდ აფთიაქებთან შედარებით. შესაბამისად, მონოპოლისტ აფთიაქებს მოუწევთ ფასის დაგდება. წამლის სააგენტო ბიუროკრატიული ორგანო გახდა - მას არ აქვს გავლენა ფასების რეგულაციაზე, რადგან არ სურთ, რომ ჰქონდეთ. მონოპოლისტ აფთიაქებს თავისი წარმომადგენელი სულ ჰყავთ პარლამენტში”, - დასძენს ომანიძე და შეკითხვაზე - “კახა ოქრიაშვილზე ამბობთ?” - პასუხობს:

“ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენს, რომ “პეესპე” მისი საკუთრებაა? მთელს მსოფლიოში არსად ხდება, რომ ერთი და იგივე კომპანია იყოს - საავადმყოფო, წამლის გამომწერი, მერე წამლის მიმწოდებელი და ბოლოს - დამზღვევიც. რა თქმა უნდა, როცა ავადმყოფი მთლიანად მის ხელშია - ექიმით დაწყებული, წამლით გაგრძელებული და დაზღვევით დამთავრებული - და სახელმწიფო არ ერევა ამ საქმიანობაში, საიდან იქნება კონკურენცია. ამიტომაც მივიღეთ ეს 500-600%-ით გაზრდილი ფასები. ამბობდნენ, შეუძლებელია უფრო იაფად ჩამოტანაო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია. ვიცით, რომ შესაძლოა მოისურვონ გარკვეული პრობლემების შექმნა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ სამართლებრივად და ღიად, გამჭვირვალე პროექტს ვაწარმოებთ და ჩვენთვის ხელიი შეშლა არ გამოუვათ. გარდაუვალია, აუცილებლად მოუწევთ ფასის დარეგულირება”.

“ალია” გთავაზობთ იმ 15 მედიკამენტის ჩამონათვალს და ფასს, რომელიც ამჟამად პარტია “თავისუფალი საქართველოს” ოფისში (თბილისი, ონიაშვილის 80. ტ. 599 29 93 38) შეგიძლიათ შეიძინოთ:

1. იანუმენტი - 44,42 ლარი (მონოპოლიური ფასი 159,05 ლარი); 2. კოზარი 100 - 9,43 (25,64); 3. ნიზარი 100 - 9,43 (29,51); 4. ბრილიანტა - 115,15 (288,8); 5. კარდიომაგნილი - 2,36 (9,18); 6. ქსარელტო 10 მგ - 31,44 (103,78); 7. ქსარელტო 15 მგ - 66,81 (230,79); 8. ტრიპლიქსამი - 17,69 (53,97); 9. სიმბიკორტი 160/4,5 - 23,19 (105,4); 10. სიმბიკორტი 320/9 - 47,95 (173,38); 11. ნასონექსი - 8,65 (39,93); 12. ჯანუვია - 44,41 (144,62); 13. კოვერამი - 12,58 (40,48); 14. ონკეარი - 22,01 (66,46);15. კაპტოპრილი - 5,50 (21,0)”, - წერს სტატიის ავტორი.

 წყარო: ალია