მედიკამენტების დაბალ ფასად გაყიდვა წინასაარჩევნო კამპანიაა - კახა კუკავა
მედიკამენტების დაბალ ფასად გაყიდვა წინასაარჩევნო კამპანიაა - კახა კუკავა

A+ A-

16:04 07/10/2019

პარტია „თავისუფალი საქართველომ“ მედიკამენტები თურქეთიდან იმაზე დაბალ ფასად შემოიტანა, ვიდრე საქართველოში იყიდება. როგორც “2020NEWS“-თან საუბარში პარტიის ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, ამ ეტაპზე ლიცენზიას ელოდებიან, რათა მედიკამენტები ოფიციალურად გაყიდონ.

მისივე თქმით, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია.

“მედიკამენტების რეალიზაცია წინა საარჩევნო კამპანიაა. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, მისი საჭიროება აღარ იქნება. ვფიქრობ, არჩევნებამდე ან მას შემდეგ, მედიკამენტის ფასები დაიკლებს. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი მცირე აფთიაქის მფლობელებმა გამოთქვეს. ანუ, ოფისიდან გაყიდვა უფრო კამპანიის ნაწილია და მედიკამენტების რეალიზაციის ძირითად ნაწილს, მცირე აფთიაქების საშუალებით მოვახდენთ. როდესაც მცირე აფთიაქებში წამლები იაფად გაიყიდება, შემდეგ სხვა დიდი კომპანიები იძულებულები გახდებიან, ფასები დააკლონ. ეს ზუსტად როდის მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ბაზარზე რომ იაფიანი მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი იქნება, „ავერსსა“ და „პსპ“ -საც  მოუწევს ფასების დაგდება“, - განუცხადა სააგენტოს კუკავამ.

აქვს თუ არა უფლება, რომ “თავისუფალმა საქართველომ“ მედიკამენტები შემოიტანოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს, პარტიის ლიდერი კახა კუკავა ასე გვპასუხობს.

“მედიკამენტები თურქეთიდან შემოგვაქვს. ჩვენ რეალიზაციასთან დაკავშირებით შესაბამის კონპეტენტურ ორგანოებისთვის მიმართვა გაგზავნილი გვაქვს. ჯერჯერობით დასტური არ მოსულა. ამიტომ ჩვენ, რამდენიმე პრეპარატი, ერთეულის სახით რამდენიმე ოჯახს გადავეცით. მას შემდეგ, რაც ნებართვას მივიღებთ, ვგეგმავთ ოფისიდანაც გავყიდოთ. თუმცა, ამ ეტაპზე ოფისიდან არ იყიდება. ასევე ვაპირებთ აფთიაქის გახსნას. ჩვენს ოფისში არის იზოლირებული ფართი და როდესაც მივიღებთ, ნებართვას, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, ამის შემდეგ აფთიაქი ფუნქციონირებას ოფისშიც დაიწყებს. გარდა ამისა, ოფისის გარეთაც რამდენიმე ადგილას გვაქვს სხვადასხვა ფართთან დაკავშრებით მოლაპარაკება. რაც შეეხება შემოტანას, ამასთან დაკავშირებითაც განაცხადი წამლის სააგენტოში შეტანილი გვაქვს. როდესაც ამის ნებართასაც მივიღებთ, შემოტანასაც მარტივად დავიწყებთ. ჯერჯერობით, რეალიზაციას ვახორციელებთ, მხოლოდ ერთეული სახით, როგორც აქცია. მასობრივ გაყიდვაში ჯერ მედიკამენტები არ გავქვს.

საილუსტრაციოდ შემოვიტანეთ რამდენიმე დასახელების პრეპარატი. გამოვაქვეყნეთ თურქეთის ფასები და შესაბამისად საქართველოს ფასებიც. ბუნებრივია, მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს, ამიტომაც შესაბამის სააგენტოს მივმართეთ და ველოდებით ნებართვას“, - განაცხადა “2020NEWS“-თან საუბარში კუკავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ “ბიზნესი“ დაიწყო, მედიკამენტების რეალიზაციიდან მოგება არ რჩებათ.

“მოგება არ გვაქვს, ჩვენთვის ეს არის არაკომერციული პროცესი. ეს იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კამპანია. ჩვენ მედიკამენტებს გავყიდით ზუსტად იმ ფასებში, რაც ღირს თურქეთში“, - განუცხადა კახა კუკავამ სააგენტოს.

შეგახსენეწბთ, პარტია “თავისუფალმა საქართველომ“ 15-მდე დასახელების მედიკამენტები შემოიტანა. გთავაზობთ ამ მედიკამენტების დასახელებას და ფასს. 1. იანუმენტი - 44,42 ლარი (მონოპოლიური ფასი 159,05 ლარი);

2. კოზარი 100 - 9,43 (25,64);

3. ნიზარი 100 - 9,43 (29,51);

4. ბრილიანტა - 115,15 (288,8);

5. კარდიომაგნილი - 2,36 (9,18);

6. ქსარელტო 10 მგ - 31,44 (103,78);

7. ქსარელტო 15 მგ - 66,81 (230,79);

8. ტრიპლიქსამი - 17,69 (53,97);

9. სიმბიკორტი 160/4,5 - 23,19 (105,4);

10. სიმბიკორტი 320/9 - 47,95 (173,38);

11. ნასონექსი - 8,65 (39,93);

12. ჯანუვია - 44,41 (144,62);

13. კოვერამი - 12,58 (40,48);

14. ონკეარი - 22,01 (66,46);

15. კაპტოპრილი - 5,50 (21,0)”,