სექტემბერში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2.8 პროცენტით გაიზარდა
სექტემბერში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2.8 პროცენტით გაიზარდა

A+ A-

16:18 07/10/2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 539 524 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი სექტემბრის თვის რეკორდული მჩვენებელია. წინა წლებში, სექტემბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს არ შემოსულა.

2018 წლის სექტემბერთან შედარებით, წელს სექტემბერში 2.8%-ით (24 581 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 0.6%-ით (3 222 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან გაიზარდა.

სექტემბერში რუსეთიდან 147 425 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 21%-ით ნაკლებია 2018 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

წინა თვესთან, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 441 554 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, კლება 33%-ია, რაც აქტიური საზღვაო ტურისტული სეზონის დასრულებითაა გამოწვეული.

9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 5.8%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 6.6%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 7.2 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 4 მილიონამდე იყო ტურისტი.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა არის : რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, ირანი, გერმანია, პოლონეთი და ყაზახეთი.