საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახლში რუსი მაღალჩინოსანი ცხოვრობს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახლში რუსი მაღალჩინოსანი ცხოვრობს

A+ A-

18:09 08/10/2019

ONGO-ს აფხაზეთიდან გამოუგზავნეს ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მამისეული სახლი. ის ბიჭვინთასთან ახლოს, სოფელ ლიძავაში მდებარეობს.
გამსახურდიების ბიჭვინთის აგარაკი, გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ააშენა და მას „აფსუა აბაყა“ (აფხაზური სახლი) უწოდა.
ცნობილია, რომ ლიძავას სახლი ძალზე უყვარდა და მას ხშირად სტუმრობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ამჟამად, ზვიად გამსახურდიას მამისეულ სახლს „ახალი პატრონები“ ჰყავს. სამწუხაროდ, ვიდეომასალის ავტორმა გამსახურდიების სახლის ინტერიერის გადაღება ვერ მოახერხა, ის, მხოლოდ გარედან მოხვდა ობიექტივში.
ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო იქნება, როგორ გამოიყურება დიდი მწერლის მიერ წლების წინ აფხაზეთში აშენებული სახლი დღეს.
ONGO პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილს დაუკავშირდა. ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მდებარე მამაპაპისეული სახლის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.


- რა თქმა უნდა, მახსოვს ჩვენი სახლი, ბოლოს იქ 80-იან წლებში ვისვენებდით. ის კონსტანტინემ ააშენა და ახლა როგორ გამოიყურება ნამდვილად არ ვიცი.


- ჩვენ შევეცადეთ გადაგვეღო თქვენი სახლი და გავსაუბრებოდით იმ ოჯახს ვინც ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა ეზოშიც არ შეგვიშვეს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ვინ ცხოვრობს ახლა თქვენს სახლში?


- ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი ცხოვრობს. სხვა, სამწუხაროდ არაფერი ვიცი, რადგან იქ არავისთან გვაქვს კონტაქტი, არ გვყავს არც მეზობელი, არც სხვა ახლობელი.

წყარო: ONGO