რა წერია უდიპლომო შალვა თადუმაძის „მსუყე“ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2 მილიარდერს იცავდა
რა წერია უდიპლომო შალვა თადუმაძის „მსუყე“ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2 მილიარდერს იცავდა

A+ A-

13:03 09/10/2019

შალვა თადუმაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 29 მაისს შეავსო. როგორც დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, პირველი პროკურორი ფლობს 93 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. თადუმაძის საკუთრებაშია ასევე 70 კვ. მ. საოფისე ფართი დედაქალაქის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე, რომლიც 2012 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. იგი ასევე ფლობს 80 კვ. მ. ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 1998 წელს 8000 დოლარად შეიძინა და იგი ვარკეთილში მდებარეობს. მის საკუთრებაშია 1100 კვ. მ. აგარაკი ნატახტარში, რომელიც 2013 წელს 32 000 დოლარად შეიძინა.

მისი მეუღლე, მზევინარ ანსიანი ფლობს 113 კვ.მ. ფართობის კომერციულ ფართს დედაქალაქის ცენტრში, ცაგარელის ქუჩაზე, რომელიც 2018 წელს 90 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 120 კვ. მ. ბინა ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც 2013 წელს 100 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება თადუმაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა 9 870 ლარს.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს თადუმაძემ საშემოსავლო გადასახადის სახით 17 800 ლარი გადაიხადა.

შალვა თადუმაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობისა და მთავარ პროკურორად მუშაობისას 2018 წელს, ხელფასის სახით  ჯამში მიღებული აქვს 88 781ლარი.

რაც შეეხება მისი მეუღლის ფინანსურ მდგომარეობას, მზევინარ ანსიანი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა 3000 ლარსა და 2000 დოლარს.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, თადუმაძის მეუღლე კ/ს „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის,  კს „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბის“  და შპს მარმარე საქართველოს 100%-100%-იან წილებსა და შპს „ევრო აგროს“ 33%-იან წილს ფლობს.

შალვა თადუმაძის შვილის, მარიამ თადუმაძის სახელზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, ფიქსირდებოდა ანაბარი 9600 დოლარის ოდენობით „თიბისი ბანკში“.

უნდა აღინიშნოს, რომ გენპროკურორი, შალვა თადუმაძის შემოსავლების ანალიზი სრულფასოვნად ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას 2015-2017 წლების განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია. არსებული ინფორმაციით კი დადგინდა, რომ 2018 წლის მდგომარეობით, მას დაფარული აქვს ყველა ძირითადი საბანკო ვალდებულება და კანდიდატს ყველაზე მეტი სახელფასო შემოსავალი 2013 წელს დაუფიქსირდა - ჯამში, 95,700 ლარი.

ასევე შალვა თადუმაძის დეკლარაციებში სხვა ხარვეზებიც შეინიშნება. მაგალითად 2013 წელს თადუმაძეების ოჯახის სახელზე რეგისტრიებულია ბინა თბილისში, რომელიც 2014 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. სავარაუდოდ, შალვა თადუმაძემ უძრავი ქონება გაყიდა და ამ თანხით, 2014 წელს 100 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა შეიძინა. თუ ეს ვარაუდი მართალია, მაშინ ინფორმაცია არასრულად არის მითითებული. რაც, მოქმედი კანონმდებლობით არის თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის დარღვევა.

გარდა დეკლარაციაში დაშვებული შეცდომებისა, შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის პოზიციაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგ, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სავარაუდო დანაშაულის შინაარსის, ასევე მათი გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო, რადგან ამ საქმეებზე გამოძიება არ დასრულებულა  და საზოგადოებისთვის უცნობია მათი შედეგები.

საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმწიფო უწყება იძიებს კონკრეტულ საქმეს, ამ პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს გენერალური პროკურატურა. ეს ნიშნავს, რომ გაჭიანურებული ან არასრულყოფილი გამოძიება, ჩადენილი დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია თუ არასათანადო საგამოძიებო მოქმედებები არის როგორც კონკრეტული საგამოძიებო უწყების, ასევე პროკურატურის პასუხისმგებლობა, შალვა თადუმაძის უწყების ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეებია - სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის საქმეთა არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები ხორავას ქუჩის საქმე და მაჩალიკაშვილის საქმე;

არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები;

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელება/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;

2012 წლამდე ჩადენილი უფლებადარღვევის საქმეების არაეფექტიანი გამოძიება, გაუმჭვირვალე პრიორიტეტებისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრობლემა მაგ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე;

სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ, ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება, ბირჟა-მაფიას საქმე, კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები, ზვიად რატიანის საქმე, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება, კორცხელის ინციდენტი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტი, იუსტიციის საბჭოში ელექტრონული არქივის წაშლა, საგამოცდო ტესტების გამჟღავნების საქმე;

სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, ე.წ. საბურავების საქმე; 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას; აფგან მუხთარლის საქმე, ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, დეკანოზ მამალაძის საქმე,  დემურ სტურუას საქმე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, სოფელ მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, 20 ივნისის საქმე და სხვა მრავალი საქმე რომელთა გამოძიებაც გაუმჭირვალეა და წელია მიმდინარეობს გამოძიება, საქმისადმი განსაკუთრებული საჯარო ინტერესის მიუხედავად.

ცნობისთვის, გახმაურებული საქმეების არაეფექტიანი გამოძიების გამო, პროკურატურა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

შალვა თადუმაძე სასამართლოში იცავდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერესებს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე. მასთან ერთად ამ საქმეში ადვოკატები იყვნენ: ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი.

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შეარჩია საპროკურორო საბჭომ, რომლის ერთ-ერთი წევრი გახლდათ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც კანდიდატის შვილის ნათლიაა.  შალვა თადუმაძის რეკომენდატორები არიან: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და მაია ცქიტიშვილი.

შალვა თადუმაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნისთანავე, საზოგადოების მხრიდან გაჩნდა კითხვები მის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული, შალვა თადუმაძე 1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. გენერალური პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, შალვა თადუმაძემ აღნიშნული ინსტიტუტი 1999 წელს დაამთავრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადში იგი ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად მიუთითებს 1994-1998 წლებს, თუმცა უშუალოდ დიპლომში წერია, რომ ის სწავლობდა 1993-1998წწ.

ასევე ბუნდოვანია თვითონ თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის საკითხი: განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ასეთი დასახელების სასწავლებელი არ მოიძებნა. ჩამონათვალში არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, შალვა თადუმაძეს ამ უნივერსიტეტში არ უსწავლია, ასევე ბუნდოვანია თავად თადუმაძის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც თადუმაძე აცხადებს, მან 1998 წელს  დაამთავრა 5 წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5 წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს წლებით განისაზღვრებოდა. თადუმაძის თქმით, მისთვის რომ ჩაეწერათ ფაქტიური 1994-1998 სასწავლო წლები,  ერთის მხრივ მას  ექმნებოდა პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არ იყო იურიდიული საფუძველი.

გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების, არაერთგზის კანონდარღვევისა და დიპლომში არსებული დარღვევების ფონზე, საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.