ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე მოსამართლე გეწაძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო - თადუმაძე
ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე მოსამართლე გეწაძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო - თადუმაძე

A+ A-

15:18 09/10/2019

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე მოსამართლე შოთა გეწაძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხზე კითხვა მას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დაუსვა.

“მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე, მე და თქვენ ერთად გამოვდიოდით იმ პროცესზე ფინალურ პროცესზე, ბატონი გეწაძის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა სწორად ჩამოართვეს. სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო? როგორ ფიქრობთ, კვალიფიციური მოსამართლე გეწაძე შეცდა თუ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. როგორი იყო მაშინ თქვენი განცდა?“,- ამ კითხვით მიმართა ეკა ბესელიამ შალვა თადუმაძეს.

კითხვის საპასუხოდ შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მოსამართლე შოთა გეწაძის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

“მე მაშინაც დავაფიქსირე მისი აცილების საფუძველი და მათ შორის, ის გარემოებები, რომლის გამოც ვითხოვდი შოთა გეწაძის სასამართლოს განხილვიდან აცილებას. მე არ მომეწონა შოთა გეწაძის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრე. შემდგომი გადაწყვეტილებაც არ მომეწონა, ის გადაწყვეტილებაც გავასაჩივრე. დღეს, მაშინდელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის საქართველოს მოქალაქე“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის მისამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.