ინსტიტუტი, სადაც სწავლობდა შალვა თადუმაძე, დამთავრებული აქვს ნაზი ჯანეზაშვილსაც - მამუკა მდინარაძე
ინსტიტუტი, სადაც სწავლობდა შალვა თადუმაძე, დამთავრებული აქვს ნაზი ჯანეზაშვილსაც - მამუკა მდინარაძე

A+ A-

11:37 10/10/2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ინსტიტუტი, სადაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე სწავლობდა, რომელიც ახლა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატია, დამთავრებული აქვს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს.

მამუკა მდინარაძე აქვე დასძენს, რომ როდესაც პარლამენტი ნაზი ჯანეზაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ამტკიცებდა, უმრავლესობის დეპუტატებს მისი დიპლომის ნამდვილობასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეპარვიათ. ნაზი ჯანეზაშვილს უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეკითხვები შალვა თადუმაძესთან, მოისმინეთ, მათ შორის ჩვენგან, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი, ჩვენი ოპონენტების მხრიდანაც მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ამის გამო მათ კანდიდატს თაღლითიც კი უწოდეს და ასეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი. იყო არგუმენტი, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, რომ შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე , რადგან 2003 წლის შემდეგ მიენიჭა ამ ინსტიტუტს ნოდარ დუმბაძის სახელი. მერე იყო მოთხოვნა, თუნდაც ერთი დიპლომი ყოფილიყო წარმოდგენილი, სადაც ანალოგიურად შალვა თადუმაძის მოტანილი არგუმენტით, რომ მანამდე იწოდებოდა, ოპერირებდა ასე ეს ინსტიტუტი და საგადასახადო რეესტრში დაფიქსირებული იყო შმეოკლებით, როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, ჩვენ ამის საპასუხოდ, ვთქვი, რომ შევეცდებოდი უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები ნებისმიერი მიმართულებით, გუშინვე ჩვენ გავიხსენეთ ასეთი კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი, მოვიძიეთ მისი დიპლომი, და მის დიპლომში 2002 წელი ფიქსირდება დამთავრების თარიღად, და ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ეს არის საჯარო, ჩვენ მის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, ამ ადამიანმა წარმოადგინა ეს დიპლომი მაშინ, როდესაც ის იყო ასევე კანდიდატი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ. და ჩვენთან ერთად ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი. ასე, რომ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ ინსტიტუტის დასახელებაში, მოგვიწევს გადავდოთ გვერდზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენდა. განხილვის საგანი ძირითადად მისი დიპლომის საკითხი იყო.