ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც შალვა თადუმაძეს აქვს დამთავრებული
ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც შალვა თადუმაძეს აქვს დამთავრებული

A+ A-

12:39 10/10/2019

დიპლომების სკანდალი კვლავ გრძელდება - დღეს უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შალვა თადუმაძეს უნივერსიტეტელი, უზენაესი სასამართლოს არამოსმართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იყო. “2020NEWS“ დაინტერესდა ჯანეზაშვილი მართლა სწავლობდა თუ არა ამ უნივერსიტეტში. ჯანეზაშვილმა სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

ჯანეზაშვილის განცხადებით, იმ დროს საქართველოში, განათლების სისტემაში საკმაოდ დიდი კორუფცია იყო, ხოლო მის ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაეხადა.

“1997-2002 წლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივესიტეტში ვსწავლობდი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში განათლების სისტემაში კორუფცია ტრიალებდა და ადამიანები ე.წ პრესტიჟულ სასწავლებლებს კორუფციის საშუალებით ამთავრებდნენ. საქართველოში ამიტომ მოხდა, “ვარდების რევოლუცია“, ამის უარყოფას ვერავინ მოახდენს. შესაბამისად, როდესაც კორუფციულ ჭაობში იყო ქვეყანა და ჩემმა ოჯახმა სადაც შეძლო, რომ საწვლის გადასახადი გადაეხადა, იქ ჩავაბარე. თუმცა, ამის შემდეგ მე არ გავჩერებულვარ და ვარშავის უნივერსიტეტში, სერიოზული კონკურსის შედეგად ჩავაბარე. დამენიშნა სტიპენდია და წავედი სასწავლებლად. ვარშავაში სწავლაში ერთი თეთრი არ გადამიხდია. ერთი წელი სამართალს ვსწავლობდი, პარალელულად ერთი წელი პოლონურ ენას ვეუფლებოდი. ამის შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი და 2009 წელს ერთი სემესტრი ვსწავლობდი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების სასწავლო პროგრამაზე. კოლუმბიის უნივერსიტეტის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე დოქტურანტურაში, სადაც დაახლოებით ორ წელიწად ნახევარი ვისწავლე. შემდეგ, ისევ ამერიკაში წავედი და 2016-2017 წლებში სტიპენდია მოვიპოვე ამერიკის მთავრობიდან და ერთი სემესტრი მონტანას უნივერსიტეტში ვსწვალობდი ინგლისურ ენას, ხოლო ერთი წელი ვაშინგტონში, ამერიკულ უნივერსიტეტში სამართალს ვეუფლებოდი“, - განუცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “2020NEWS“-ს.

გაიცემოდა თუ არა მართლა ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში დიპლომები 300 დოლარად, ნაზი ჯანეზაშვილი ასე გვპასუხობს.

“ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. მასე ჯავახიშვილში ფულით აბარებდა ხალხი, მაგრამ ფაქტები ხომ არ გვინახავს. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ნამდვილად არ იყო პრესტიჟული უნივერსიტეტი. დიახ, საქართველოში იმ დროს მართლაც არ მისწავლია პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მაგრამ უცხოეთში კი. იმ დროს რისი საშუალებაც მქონდა, იქ ვისწავლე. სახელმწიფო ამის საშუალებას გაძლევდა. კარგი იყო თუ ცუდი, არ ვიცი როგორც გინდათ ისე განსაზღვრეთ. მაგრამ, მე ჩემი ქვეყნისთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია. რაც შეეხება თადუმაძეს, რომ მან ადრე ჩააბარა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

უზენაისი სასამართლოს არამოსამართლე წევრის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად ისწავლი, ეს ადამიანზე არის დამოკიდებული.

“ვერ გეტყვით. მასე ადამიანები ჯავახიშვილში სწავლობდნენ, მაგრამ არ სწავლობდნენ. ვისაც უნარი აქვს ყველგან სწავლობს. როდესაც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობ, შენზეა დამოკიდებული ყველაფერი - თუ შენ გინდა მთელი დღე ბიბლიოთეკაში ზიხარ , ეცნობი უამრავ ლიტერატურას და იღებ განათლებას, ხოლო თუ არ გინდა, რასაც ლექტორი გაძლევს იმას სწავლობ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული“, - განუცხადა სააგენტოს ნაზი ჯანეზაშვილმა.

ახსოვს თუ არა ნაზი ჯანეზაშვილს, მთავარი მბრალდებელი, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ასე გვპასუხობს:

“არ მახსოვს, მაშინ 17 წლის ვიყავი და ახლა 39 წლის ვარ“.

შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი, სადაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე სწავლობდა, რომელიც ახლა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატია, დამთავრებული აქვს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილსაც.

მოგვიანებით ნაზი ჯანეზაშვილმა უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.