ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში - ვატო წერეთელი
ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში - ვატო წერეთელი

A+ A-

13:21 10/10/2019

„ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის განცხადებით, ის და თავისი ოჯახი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და მზად არიან ციხეში წავიდნენ. ამის შესახებ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი არ შეცვლის პოზიციას და „ტვ პირველი“ მუშაობას ისეთი გააგრძელებს, როგორიც დღეს არის.

„არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პროკურატურა კი მილიონიან გირაოს მოითხოვდა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. ასევე, ამ საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.