მოსამართლეობის კანდიდატების დიპლომების თემა დიდ უხერხულობაში გადაიზარდა - ინაშვილი
მოსამართლეობის კანდიდატების დიპლომების თემა დიდ უხერხულობაში გადაიზარდა - ინაშვილი

A+ A-

14:29 10/10/2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ირმა ინაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დიპლომების თემა უკვე დიდ უხერხულობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, უცნაურია, რომ ეს კანდიდატები ჯერ მართლმსაჯულების სისტემაში იწყებენ მუშაობას, შემდეგ მაღალ პოზიციებზე აქვთ ამბიცია, ამ დროს კი ისინი სამართლის სფეროში მაგისტრანტებიც არ არიან.

„ყველას მინდა ვთხოვო, მომავალ კანდიდატებსაც, მეტი პასუხისმგებლობით და პატივისცემით მოეკიდონ საკუთარი განათლების საკითხს და იმ სტანდარტით წარსდგნენ პარლამენტში, საერთოდ მართლმსაჯულების სისტემაში, რა სტანდარტიც გვაქვს აღიარებული ჩვენს სახელმწიფოში. უხერხულია კამათი დიპლომების თემაზე. ძალიან უცნაურია, რომ ჯერ მართლმსაჯულების სისტემაში იწყებენ მუშაობას კანდიდატები, პრეტენზია აქვთ მაღალ პოსტებზე, და პარალელურ რეჟიმში სამართლის სფეროში მაგისტრანტებიც არ არიან. ამ დროს ჩვენ ვიცნობთ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც არც კომპეტენციით ჩამოუვარდება აქ წარმოდგენილ კანდიდატურებს, არც მორალის და ზნეობის კუთხით, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ, არსებული სისტემიდან გამომდინარე, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამაში ვგულისხმობთ ჩვენ ზუსტად კლანურ მმართველობას. სისტემა დაკეტილია ახალი სახეებისთვის, სრულიად ახალი ტიპის კანდიდატებისთვის, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ.