როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?
როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

A+ A-

14:34 10/10/2019

“2020NEWS” აგრძელებს “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას. (გაგრძელება)

„ზურა ჟვანია ქართულ პოლიტიკაში ახალ ხაზს წარმოდგენდა, ეროვნული მოძრაობიდან, დისიდენტური მოძრაობიდან, საუნივერსიტეტო წრიდან წამოსულს. მან თავისი გზა ყოველგვარი კომკავშირულ-პარტიული სიმძიმეების გარეშე გაიარა, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლიდერშიფის საუკეთესო შტოს წარმოადგენდა. მეორე მხარეს იყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერი, აქტიური, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდის მქონე ადამიანია, მაგრამ მას სრულიად კომუნისტური, ნომენკლატურული წარსული ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში, ვაჟა ლორთქიფანიძე საქართველოს კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი იყო, შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. შევარდნაძის სახელმწიფო მეთაურობის პერიოდში, ის მის კანცელარიას ხელმძღვანელობდა და შევარდნაძის გარემოცვაში ყველაზე გავლენიან კაცად ითვლებოდა. სახელმწიფო მინისტრობამდე მოსკოვში ელჩად რამდენიმე წელი იმუშავა. ორივე მხარე მეტ-ნაკლები წარმატებით პრესას სათავისოდ იყენებდა. ამ მხრივ, საქმე ზურას უკეთ ჰქონდა აწყობილი: ჟურნალისტურ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მისი ლიბერალური იდეები უფრო მოსწონდა, მას გამომცემლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათ გრანტების მოპოვებაშიც ეხმარებოდა. ყოველივე ამის გამო, ზურა მეტი პოპულარობით სარგებლობდა.

1999 წლის არჩევნები, მოგეხსენებათ, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის გამარჯვებით დამთავრდა და სრულიად სამართლიანად: კამპანიის თვალსაზრისით მოქალაქეთა კავშირმა ძალიან სერიოზულად აჯობა მოწინააღმდეგეს. თუ დავაკვირდებით, ეს კამპანია ძალიან ჰგავდა 1996 წლის ელცინის კამპანიას - აქაც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს: კომუნისტებისაგან შეიქმნა ე.წ. რევანშიზმისა და წარსულის უკან დაბრუნების საფრთხობელა, “საფრთხე”, კამპანიამ ხალხი ამ “საფრთხის” ირგვლივ გააერთიანა და ელცინი, რომელსაც მარტის დასაწყისში 7 პროცენტი უჭერდა მხარს, თუმცა მეორე ტურის შემდეგ, მაინც რუსეთის პრეზიდენტად “გაიყვანეს”. ელცინი - დავარდნილი, ფაქტიურად, ნახევრად ცოცხალი ადამიანი. აქ მთლად ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. შევარდნაძე, მიუხედავად 1997 წლის ტერაქტისა, საკმაოდ მტკიცედ იდგა ფეხზე, მაგრამ ასლან აბაშიძის სახით საფრთხობელის შექმნა მაინც საჭირო გახდა. რუსი იმიჯმეიკერების დახმარებით, ამ საფრთხობელის და ზურა ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების გამოცდილების წყალობით, მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა და ზურა ჟვანიამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ახალი უმრავლესობა დააკომპლექტა და შევარდნაძეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გია არსენიშვილი დაანიშნინა. პარლამენტი ჩამოყალიბდა და ექვსი თვის მერე, ანუ მარტში, პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი.

მე შევარდნაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ჩვენი ტელეკომპანია ამ დროისთვის უკვე ყველაზე გავლენიანი გახდა. ზემოთაღწერილი მოვლენების განვითარების დროს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შემოგვიერთდნენ აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი გუნდი, ორი ჟურნალისტი: ეკა სარია და ლიკა ბასილია. ჩაფიქრებული ჰქონდათ ჟურნალისტური გადაცემა ეკონომიკაზე, დაახლოებით ისეთი, როგორიც აკაკიმ შემდგომ გააკეთა, მაგრამ მაშინ ეს იდეა უპერსპექტივოდ მომეჩვენა, ჩავთვალე რომ პროექტი წარუმატებელი იქნებოდა. ეთერში სხვა გადაცემა გავიდა, აკაკი გოგიჩაიშვილის “60 წუთი”. პირველივე გადაცემების მთავარი გმირი შევარდნაძე გახდა. აკაკი სარგებლობდა იმ ინფორმაციით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და კონტროლის პალატა აწვდიდა. ამ მასალის გამოყენებით მან შევარდნაძის ოჯახს რამდენიმე მძიმე ბრალდება წაუყენა. პირველად თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ედუარდ შევარდნაძე - ღიად, მთელი ქვეყნის გასაგონად, მისი ნათესავების კორუმპირებულობისთვის დაადანაშაულეს. იყო მინიშნებებიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში არამარტო შევარდნაძის სახელით სარგებლობდნენ, არამედ უკანონო გარიგებებისთვის პირადად შევარდნაძესაც იყენებდნენ. ამ გადაცემების ჩვენების შემდეგ შევარდნაძე გააქტიურდა. მან შეხვედრა დამინიშნა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პირისპირაც შევხვდი.

შევარდნაძე იმ დროისათვის ლეგენდარული ადამიანი იყო. გამჭოლი მზერა აქვს, უძლიერესი პოლიტიკოსი, “თეთრი მელა”, ადამიანი, რომელმაც ბერლინის კედელი დაანგრია; ადამიანი, რომელიც 30 წელი მართავდა და მართავს საქართველოს, ანუ მართლა ადამიანი-ლეგენდა და ბუნებრივია, ვღელავდი. მანამდე მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ - როცა “რუსთავი 2”-ს ვიწყებდით, შევარდნაძის პრეს-მდივანი რამაზ საყვარელიძე იყო და რამაზს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, რომ შევარდნაძეს რუსთაველებისთვის ახალი ტელევიზიის დაბადება მიელოცა. შეიძლება ითქვას, რომ “რუსთავი 2” მისი დალოცვილი იყო. მახსოვს, არ ვიცოდი, რომ შევარდნაძეს ცალი ყურით გაგონება უჭირდა. მახსოვს, რაღაც კითხვა დავუსვი, ალბათ, ხმადაბლა მომივიდა და მან მხოლოდ გაკვირვებულმა შემომხედა, პასუხი არ გამცა. კიდევ ერთხელ გავუმეორე, კიდევ არ მიპასუხა და ცოტა ხმამაღლა მომივიდა. «გასაგებია? » - მაშინ ეს დიდი სამხიარულო თემა გახდა. ახლა კი კვლავ შევარდნაძეს უნდა შევხვედროდი. გავიარეთ “ცისანას ბარიერი”. ცისანა იყო ათწლეულების განმავლობაში შევარდნაძის პირადი მდივანი, თბილი, გაწონასწორებული ქალი. გავიარეთ “ცისანას ბარიერი” და მოვხვდი შევარდნაძესთან. შევარდნაძის კაბინეტი მრავალს ახსოვს: შესასვლელში, ხელმარცხნივ - ძალიან გრძელი მაგიდა, კაბინეტის სიღრმეში - დიდი სამუშაო მაგიდა და ორი სავარძელი სტუმრებისთვის, მარჯვენა მხარეს - დივანი და ორი სავარძელი.

მე ველაპარაკე იმაზე, რომ პრესას დახმარება სჭირდება, რომ აი, როგორ ფიქრობთ? როგორ წარმოგიდგენიათ? და ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ქვეყნის მომავალი... მან კი სადღაც შუა საუბარში ისე, სხვათა შორის მკითხა, რას ფიქრობ, შენი ტელევიზია ვინმე რუს ოლიგარქს რომ მიყიდოო? აი, გუსინსკისნაირსო, მაგრამ არა გუსინსკისო. გაკვირვებულმა შევხედე – რატომ-მეთქი? -არა, სულ კი არა, რაღაც ნაწილი რომ მიჰყიდოო. - არ მიფიქრია, ბატონო ედუარდ, მაგაზე და არ ვიცი-მეთქი. მან უცბად სხვა თემაზე დამიწყო საუბარი. სინამდვილეში, კი მას ტელევიზიის გაყიდვაზე სურდა საუბარი. შევარდნაძესთან საუბარი კი რატომღაც დამამახსოვრდა, საუბრის ის ნაწილი, რომელიც ტელევიზიის გაყიდვას შეეხებოდა. ჩემი პოზიცია ძალიან დელიკატურად მოსინჯეს. საერთოდ დავივიწყებდი ამ საუბარს, მას რომ რაღაც დროის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილამდე არ მივეყვანე.