ნიკა მელია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა
ნიკა მელია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

A+ A-

15:34 10/10/2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი მელიას მიერ მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მოსამართლისგან ითხოვდა მისი ადვოკატის შუამდგომლობის გათვალისწინებას, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, მელიას თავდებში უდგებიან დეპუტატები, რომელთა ნაწილიც დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება, რადგან პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაზე იმყოფებიან. ამის გამო ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ უკეთესი იქნება თუ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე იმსჯელებს სასამართლო ან მის ალტერნატიულით შეცვლაზე. ამის შემდეგ, მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილებებს სატელეფონო ზარების შემდეგ იღებს, რაც მოსამართლემ უარყო და მელიას უთხრა, რომ სასამართლო დარბაზიდან გააძევებდა თუ არ გაჩუმდებოდა, პარალელურად კი ჩაქუჩი დაარტყა რამდენჯერმე.

ამაზე მელიამ მოსამართლეს უპასუხა: “ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და თადუმაძეს დაურტყით ჩაქუჩი", რის შემდეგაც მოსამართლემ მელიას დარბაზი დაატოვებინა.

შეგახსენებთ, 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა, როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.