უცნაურია, მაგრამ თანამდებობა ჩემთვის მსახურება იყო და არა პრივილეგია - ვანო ზარდიაშვილი
უცნაურია, მაგრამ თანამდებობა ჩემთვის მსახურება იყო და არა პრივილეგია - ვანო ზარდიაშვილი

A+ A-

18:42 10/10/2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც საპარლამენტო მანდატი დათმო და სავარაუდოდ, პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდა, “2020NEWS“ -თან აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, დაუმსახურებელ ცილისწამებასთან და უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პოლიტიკიდან და პარტია “ქართული ოცნებიდან“  წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისთვის თანამდებობა “მსახურება იყო და არა პრივილეგია“.

“ჩემს მიმართ ხორციელდებოდა დაუმსახურებელი ცილისწამება, გარკვეულ პროცესებთან ჩემი უსაფუძვლო დაკავშირება, ორმაგი სტანდარტის არსებობა, დაბრალება უამრავი სისულელის. დავიღალე, არ მიღირს ჩემმა არასრულწლოვანმა შვილებმა დაუმსახურებელ და უსაფუძვლო ბრალდებებს უსმინონ. მითუმეტეს, ამ შვიდი წლის მანძილზე ერთი ფაქტი ან მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე უკანონობა ან თუნდაც ამორალური ჩამედინოს,  არ არსებობს და არც იარსებებს. ამიტომ წავედი, ალბათ უცნაურია, მაგრამ თანამდებობა ჩემთვის მსახურება იყო და არა პრივილეგია“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კითხვაზე, მას ხომ არ დაატოვებინეს პარტია “ქართული ოცნება“?- ზარდიაშვილი გვპასუხობს, რომ არა. მისი განცხადებით, პარტია “ქართულ ოცნებიდან“ გასვლის მცდელობა თავად სამჯერ ჰქონდა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში დაკმაყოფილდა.  

“პირიქით, მე მინიმუმ სამჯერ დავაყენე ჩემი გასვლის საკითხი, მაგრამ ვერ მოვახერხე გასვლა. პარტიის პოზიცია იყო, რომ არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, ეს არაერთმა პარტიის თუ პარლამენტის მენეჯერმა იცის“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა  მმართველი პარტიის ყოფილ დეპუტატთან ეკა ბესელიასთან პარლამენტში მომხდარი სკანდალური დაპირისპირებიდან შვიდი დღის შემდეგ, საპარლამეტო მანდატი დათმო და პოლიტიკიდან წავიდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე