მოკლულ დავით მუმლაძესთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია - ბიზნესმენის პირველი კომენტარი
მოკლულ დავით მუმლაძესთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია - ბიზნესმენის პირველი კომენტარი

A+ A-

14:55 15/10/2019

რუსთავში მომხდარი შემზარავი სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი ბიზნესმენი, ლევან ღონღაძე იგივე “ავღანა“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ღონღაძემ ტელეკომპანია "მთავარს" განუცხადა, მას მოკლულ დავით მუმლაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. იგი მისი ბავშობის მეგობარი იყო და მუმლაძე უკანასკნელად შემთხვევამდე 3 კვირით ადრე ნახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში მცხოვრები ღონღაძე მეტსახელად ავღანიჩი, სუპერმარკეტების ქსელ - "მაგნატს" ფლობს.

"მთავარის" ინფორმაციითვე, აღნიშნულ შეხვედრაზე ლევან ღონღაძემ დავით მუმლაძეს იმ პირების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა, რომელიც ამჟამად დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულები არიან.

"ჩემი მეგობარი იყო, მიენდეთ გამოძიებას. ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა?! ასეთი რამ არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში. სანამ გარდაიცვლებოდა სამი კვირით ადრე ვნახე ჩემი მეგობარი. ვადასტურებ, რომ ჩვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. გამოძიებაც საქმის კურსშია და იციან რა და როგორ იყო. მე არავის დავუკითხივარ"- აცხადებს ღონღაძე.

ცნობისთვის, “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ ბიზნესმენის ვინაობა, ვინც დავით მუმლაძის სასტიკი მკვლელობა შეუკვეთა.

როგორც „2020NEWS”-მა გაარკვია, მუმლაძის მკვლელობა ხაშურელმა ბიზნესმენმა ე.წ.“ავღანამ“ შეუკვეთა და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.

წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენს მუმლაძესთან დაპირისპირება ჰქონდა და საზარელ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე მუმლაძე “ავღანას“ ფიზიკურად გაუსწორდა. “2020NEWS”-ის ინფორმაციით, სწორედ ეს დაპირისპირება გახდა მუმლაძის მკვლელობის მიზეზი. შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია. ერთი კი, ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს.

პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან. პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა. გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის. პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა, სადაც მას უკვე ელოდნენ მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიმიტრი დუღაშვილი. ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში.

აღნიშნულის შემდეგ მათ დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, მათ კი თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დავით მუმლაძე იძულებით ჩასვეს ავტომობილ "მერსედესში" და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რუსთავში მდინარე მტკვრის პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა.