რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს - ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები
რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს - ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები

A+ A-

13:59 18/10/2019
ადრეული ინტერვენციის უფასო პროგრამა 7 წლამდე ბავშვებისთვის, ფსიქოლოგებისა და ნევროლოგების ჩართულობით, რომელზეც უნდა იცოდეთ
 

ბავშვის ადრეული განვითარება დიდ როლს თამაშობს მის მომავალ ცხოვრებაში. ამ დროს წარმოქმნილი პრობლემები, განვითარების უმნიშვნელო შეფერხებებიც კი განსაკუთრებულ კვლას ტოვებენ შემდგომ მთელ ცხოვრებაზე. რამდენად მნიშვნელოვანი პერიოდია ადრეული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად განვითარდეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ფსიქოლოგი მარიამ წკრიალაშვილი გვიპასუხებს.

- ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესია ბავშვის მომავალი განვითარებისთვის. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფი ტემპით. ადრეულ ასაკში, მაგალითად 0-3 წლამდე ბავშვები უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობენ და შეიცნობენ სამყაროს, ვიდრე შედარებით მაღალ ასაკში. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ემოციური კავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შემდგომ განვითარებაში, რადგან ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც მშობელი, აღმზრდელი ბავშვისთვის უმთავრესია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ბავშვს მასთან სიახლოვის სურვილი აქვს. ასევე აუცილებელია, ბავშვს ჩვილობიდანვე ჰქონდეს ჯანსაღი მიჯაჭვულობა მშობელზე, რადგან ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა - როცა ბავშვი ვინმესთან არის მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. ანუ ეს ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს, მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.

- განვითარების სტადიებზე რას გვეტყვით? რას უნდა დააკვირდეს მშობელი და როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილი სწორად ვითარდება?
- არსებობს განვითარების სფეროები. ესენია: მოტორული (მსხვილი და ნატიფი), კოგნიტური, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარება, სოციალურ-ემოციური და თვითმოვლა. ყველა სფეროში განვითარებას თავისი ბუნებრივი კანონზომიერება აქვს, მაგალითად, დამოუკიდებლად დაჯდომამდე: მუცელზე წოლისას თავის დაჭერა, იდაყვებზე, შემდეგ კი ხელებზე დაყრდნობა უნდა შეძლოს. სიტყვის წარმოთქმამდე - ღუღუნისა და ტიტინის პერიოდი უნდა გაიაროს. წერის უნარისთვის - ჯღაბნის, ხატვის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გასმის და ა.შ. მშობელი თუ აქტიურადაა ჩართული ბავშვის სწორად აღზრდაში და ხელს უწყობს მის განვითარებას, აუცილებლად შეამჩნევს, თუ მისი შვილის განვითარება ასაკთან შესაბამისობაში არ მოდის. თუკი რაიმე ეჭვი გაგიჩნდებათ თქვენი შვილის განვითარებაში, უმჯობესია რეაგირება მოახდინოთ და არ გააკეთოთ შედარებები სხვა ბავშვებთან, ნუ მოუსმენთ მეზობლებისა თუ ნათესავების გამოცდილებებს და რჩევებს. აჯობებს გული დაიმშვიდოთ და სპეციალისტების დახმარებით დარწმუნდეთ ყველაფერში, ვინაიდან თქვენი შვილის მომავალი თქვენ ხელშია. - იმ შემთხვევაში, როცა ბავშვის ქცევა, განვითარება შესაბამისობაში არ მოდის მის ასაკთან, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?
- როგორც ზემოთ ვახსენე, აუცილებლად უნდა ნახოს ბავშვი შესაბამისმა სპეციალისტმა და იმუშაოს იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს. იქნება ეს ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი თუ სხვა.

- რა როლი აკისრია ამ დროს ფსიქოლოგს? რა ეტაპებს გადის ის მოზარდთან, მშობელთან შედეგის მისაღწევად?
- ფსიქოლოგი შეაფასებს ბავშვს ყველა სფეროში და რომელ სფეროშიც გამოიკვეთება შეფერხება, კონკრეტულად იმ პროფილში დაიგეგმება მუშაობა. შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს პრობლემური, რთული ქცევა და ამაზე იყოს სამუშაო. ფსიქოლოგის მოვალეობა არა მხოლოდ ბავშვთან მუშაობაა, არამედ მშობელთანაც. როცა მშობელი ჩართულია მუშაობის პროცესში და ხელის შემწყობია, შედეგიც უფრო ეფექტურია. ამ დროს მშობელი სწავლობს, თუ როგორ უნდა მოექცეს ბავშვს კონკრეტულ სიტუაციებში და იპოვოს გამოსავალი, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად განვითარდეს?
- ყველა მშობელმა პირველ რიგში, ბავშვთან ემოციური კავშირი უნდა დაამყაროს, ნებისმიერი აქტივობის დროს, იქნება ეს კვება, ბანაობა თუ საფენის გამოცვლა, უნდა ელაპარაკოთ ბავშვს, ამცნოთ წინასწარ რის გაკეთებას აპირებთ, თანაც ხელში აყვანის დროს კარგი იქნება, თუ მაშინვე არ ავიტაცებთ და წინასწარ მოვამზადებთ, მაგალითად: “აბა, მოდი ახლა დედასთან, გავისეირნოთ” ან მსგავსი ფრაზები, რომ ბავშვი შევაჩვიოთ და მშობელთან ჰქონდეს ემოციური სიახლოვისა და უსაფრთხოების ის განცდა, რაც ზემოთ ვახსენეთ, როდესაც მიჯაჭვულობის თემას შევეხეთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ბავშვის განვითარებაში ასრულებს თამაში. სწორედ თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე. ასევე გავლენას ახდენს აზროვნების განვითარებაზე და უღვივებს ბავშვს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს.

- ადრეულ ასაკში რა აქტივობებია საჭირო მშობლების მხრიდან, როგორი თამაშებს ენიჭება უპირატესობა, რომ მოხდეს ბავშვის სწორი განვითარება?
- შეგვიძლია ვრცლად განვიხილოთ, რა გავლენა აქვს თამაშს განვითარებაზე:
* დადებითი ზეგავლენა მონაწილეზე - იღიმის, ღიღინებს, იღებს სიამოვნებას და სანამ სიამოვნება გრძელდება, გრძელდება მისი ჩართულობაც.
* აქტიური ჩართულობა - კონცენტრირებულია, ყურადღება არ ეფანტება, მოსწონს რასაც აკეთებს.
* შინაგანი მოტივაცია - სიახლის აღმოჩენის სურვილი, ახალი შეგრძნებების მიღების სურვილი. მაგალითისთვის მშობელს შეუძლია ამ მარტივი ცხრილით იხელმძღვანელოს -
0-24 თვე - სენსომოტორული პერიოდი, შეიმეცნებს შეგრძნებებით - პირში ჩადება, ხმების მოსმენა, კონტრასტული საგნების დანახვა.
10 თვის - „ჭი-ტა“ (სოციალური თამაში).
1-2 წლის - უფროსების მიბაძვა. ფუნქციური თამაშები: ბურთის ან მანქანის გაგორება.
2 წლიდან - პარალელური თამაში - ერთ სივრცეში თამაშობენ, არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, შესაძლოა მიბაძონ ერთმანეთს.
2 -3 წლიდან სიმბოლური თამაშები: მანქანა დაფრინავს, კოვზი მანქანაა, ჭიქა სკამია და ა.შ

- საქართველოში რა პროგრამები არსებობს, რომლებიც განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი?
- საქართველოში არის ძალიან კარგი „ადრეული ჩარევის (ინტერვენციის)” პროგრამა. ეს პროგრამა, ხელს უწყობს ბავშვის დინამიკურ განვითარებას და ეხმარება ოჯახს. სახელმწიფო პროგრამა განკუთვნილია 0-დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. პროგრამა მოიცავს ერთი მხრივ ბავშვსა და ოჯახზე მორგებულ ადრეულ ინტერვენციას, მეორე მხრივ, პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზებულ ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა არის უფასო და მას აფინანსებს სახელმწიფო, რომელიც მოიცავს ერთ თვეში რვა ვიზიტს.

- იქნებ ამ პროგრამაზე ცოტა უფრო ვრცლად ვთქვათ - ანუ რა ეტაპები უნდა გაიაროს მშობელმა?
- როდესაც მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვს აქვს რაღაც დარღვევა ადრეული განვითარების სტადიებში, უნდა მივიდეს ნევროლოგთან. ნევროლოგი წერს დიაგნოზს, თუ სჭირდება ადრეული ინტერვენცია ან თუ რამე გენეტიკური დაავადება აქვს ბავშვს, მაგალითად დაუნის სინდრომი ან აუტიზმი. მშობელი ამ დიაგნოზით მიდის ნებისმიერ ქალაქში, სოიალური მომსახურების სააგენტოში და იქ დაწერს განცხადებას ვაუჩერის მისაღებად. ვაუჩერის მიღებისთანავე სოციალური მუშაკები დააკვალიანებენ და გადაამისამართებენ შესაბამის ორგანიზაციაში, სადაც მიიღებს დახმარებას.

- რას ეტყვით, რას ურჩევთ მშობლებს, რა დროს არის ნაყოფიერი და შედეგიანი ეს აქტივობები? რა შემთხვევაში ხდება პრობლემის აღმოფხვრა სრულყოფილად?
- მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ გყავდეთ შვილი, ეს უკვე დიდი ბედნიერება და თუ გინდათ ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდეს, მოეფერეთ თქვენს შვილებს, ბევრი დადებითი ემოციით გაავსეთ, გაუღიმეთ, შეაქეთ, მასთან ერთად ითამაშეთ, ერთად იცინეთ, ერთად იტირეთ და ერთმანეთი გაათბეთ. არ დაიჯეროთ, თითქოს ბევრი მოფერება ბავშვს „აფუჭებს“, პირიქით, რამდენ სითბოსაც გასცემთ თქვენი შვილების მიმართ, უკან ასმაგი დაგიბრუნდებათ.
გახსოვდეთ ყველაფერი კარგი თუ ცუდი ბავშობიდან იწყება.

წყარო: მშობლები.ge