როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?
როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

A+ A-

14:45 18/10/2019

“2020NEWS” აგრძელებს “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას:

გაგრძელება ჩვენ არც ერთ გუნდს არ ვეკედლებოდით. ჩვენთვის ვიყავით. ხაზგასმით ვამბობ - პოლიტიკური ამბიცია არ გვქონია. მსგავსი ამბები ჩვენთვის მხოლოდ მედია თვალსაზრისით იყო საინტერესო და თუ ძალით არ გვიბიძგებდნენ, ამ პროცესებში ჩაბმას არ ვაპირებდით. მაგრამ ხელისკვრა დაიწყო, აშკარად გზაზე გადავეღობეთ. ბუნების ერთგვარი შეცდომა აღმოვჩნდით, მათთვის ჩვენი არსებობა ლოგიკაში არ იჯდა. ყველა ტელევიზია ან რაიმე ბიზნესზე მიბმული ან პოლიტიკური გუნდის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ან არ უნდა ეარსება, სხვა ალტერნატივას ქართული რეალობა არ ცნობდა.

ჩვენ ქართული მასშტაბებით, საშუალო ზომის დამოუკიდებელი ბიზნეს ჯგუფი ვიყავით; ჯგუფიც არა, რეალურად, ამ ორომტრიალში ორი ადამიანი მოვყევით. ჩვენი, როგორც მედიის გავლენა, ძალიან გაიზარდა. თუ გავიხსენებთ მაგ პერიოდის კვლევებს, ეკლესია და “რუსთავი 2” თანაბარი გავლენით სარგებლობდნენ. თუმცა შემოსავლების და ხარჯის დაბალანსება დღითიდღე ჭირდებოდა, ვინაიდან ქვეყანა წინ ვერ მიდიოდა და სარეკლამო შემოსავლებიც ვეღარ იზრდებოდა. ამ ფონზე ბადრი გვევაჭრება, რომ ტელევიზია მივყიდოთ. 2000 წელი ჩვენ ბადრისთან მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმში გავიარეთ. ბადრი - ანუ, უზარმაზარი ფული და უძლიერესი მეგობრები. ერთი მეგობარია ვაჟა ლორთქიფანიძე, მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ, ჯერ კიდევ რუსეთიდან. ბადრის სწორედ ვაჟა დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ისინი თბილისშიც ახლობლობდნენ.

ვაჟას გარდა, ბადრის თანამებრძოლი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძეც, რომელიც მაშინ დიდ ძალაუფლებას ფლობდა. კახა თარგამაძე ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ პატარკაციშვილი სახელმწიფოში, უკვე ძალიან სერიოზულ ბერკეტებს ფლობდა. ფლობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, აკონტროლებდა ძალოვანებს, უზარმაზარ ფულს. ამ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში მოსვლის საფრთხე ძალიან რეალური იყო. ხალხი, რომელიც ბადრის ორგანიზებულად დაუპირისპირდებოდა, არ ჩანდა. მეტნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, რომელიც შევარდნაძის დიდი ნდობით სარგებლობდა და კახა თარგამაძეს დიდად ემტერებოდა.

შესაბამისად, ის ბადრი პატარკაციშვილის მტერიც იყო. ნუგზარ საჯაიას ჯგუფს წარმოადგენდნენ შევარდნაძის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი, გამინისტრებული კობა ნარჩემაშვილი, ვალერი ხაბურზანია, სულხან მოლაშვილი... ამრიგად, ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ბადრი და მისი ჯგუფი, რომელიც მრავალ მეტასტაზს მოიცავდა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ასლან აბაშიძესთანაც და შევარდნაძესთან; მეორეს მხრივ საჯაიას ჯგუფი; და იყო ზურა ჟვანია, კვლავ შევარდნაძის მხარდამჭერი, პარლამენტის თავმჯდომარე, და მისი ჯგუფის რამდენიმე მოთამაშე მინისტრები არიან: სააკაშვილი იუსტიციის მინისტრია, მიშა მაჭავარიანი - შემოსავლების მინისტრი... ჩავთვალოთ, რომ სამი დაჯგუფებაა. ალბათ, მეტიც იყო, მაგრამ სამი - მკვეთრად გამოკვეთილი. ამ დაჯგუფებებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა: მედიას მიმართავდნენ, ერთმანეთს ასუსტებდნენ, დროებითი უპირატესობების მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე სუსტი საჯაიას ჯგუფი იყო, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი კი - ჟვანია. ბადრის ჯგუფი წინ სწრაფად მიიწევდა, თანდათან შევარდნაძეზე დაწოლა გააძლიერა და მასზე გავლენაც მოიპოვა. ამის ნათელი დადასტურება იყო ბორჯომის თაობაზე შეთანხმება - ბადრიმ შევარდნაძის ოჯახისგან ბორჯომის აქციები გამოისყიდა და ამით მის ოჯახს ფინანსური გარანტიები შეუქმნა. ჩვენ ვაკეთებდით ბიზნესს და მივიღეთ წარმატებული კომპანია, მაგრამ არ გვქონდა ფული. არაფერი არ გვქონდა. ზურა ჟვანია შაყირობდა ხოლმე - აი, როგორები ვართ ჩვენ, ახალი ბიზნესმენები, ამერიკელი ცნობილი ბიზნესმენებივით, მილიარდერები რომ არიან და თან წუწურაქები... მას ასე ესმოდა, სინამდვილეში კი ფული მართლა არ გვქონდა, რაღაც გაუმართავი 07 ჟიგულით დავდიოდით. ჰოდა, ჩემი პოზიცია ასეთი იყო: გავყიდოთ ტელეკომპანია და ლეგალურად გვექნება დიდი თანხა. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავდი. ბოლობოლო, 1994 წელს, როცა ტელევიზიის კეთებას ვიწყებდით, არანაირი სურვილი არ გვქონია, რომ აქტიური პოლიტიკური მოთამაშეები გავმხდარიყავით. ერთადერთი, სათუო იყო, ამ ფულის მფლობელები, რამდენად დაცულები ვიქნებოდით. მით უმეტეს, რომ მაშინდელ საქართველოში კრიმინალი ჩვეულებრივ საქმედ ითვლებოდა. კვირა არ ჩაივლიდა პანკისის ხეობაში რომელიმე გამოჩენილი ბიზნესმენი არ გაეტაცებინათ. საქართველოში ჩვენი არსებობა ძალიან ბევრს აღიზიანებდა და მქონდა საფუძველი მეფიქრა, თუ სად დამახლიდნენ ტყვიას და სად მიპოვნიდნენ მკვდარს, სადარბაზოს ამოსასვლელში, ჩასასვლელში თუ კიდევ სადმე სხვაგან.

გაგრძელება იქნება