ეკატერინე ტიკარაძემ მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახს მიუსამძიმრა
ეკატერინე ტიკარაძემ მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახს მიუსამძიმრა

A+ A-

15:43 18/10/2019

ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიუსამძიმრა. დაღუპული მუშის ოჯახში მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ერთად მივიდა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უწყება მუშაობს, რომ დადგინდეს მომხდარის მიზეზები.

„ჩვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, სწორედ ამისთვის ვარ დღეს აქ. პირველ რიგში, მივუსამძიმრებთ ოჯახს. ნამდვილად საშინელი ფაქტი მოხდა, დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცხრა თვის ბავშვი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა. მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.