დიმიტრი ხუნდაძე “საერთაშორისო გამჭირვალობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
დიმიტრი ხუნდაძე “საერთაშორისო გამჭირვალობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

A+ A-

17:08 18/10/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, დეპუტატი „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“ გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფას.

„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არც ერთ თეთრს, ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ ის იქ არ მუშაობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს.

„რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი “გამჭვირვალობიდან“, პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მაზრუნალნი“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ.